„ლელო“ პარლამენტისგან კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტს დადგენილების პროექტით მიმართავს და კორუფციის ფაქტების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი 21 ივნისის ბიუროს სხდომას წარედგინება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ უნდა განისაზღვროს – საქართველოში არსებული და გამოუძიებელი ელიტური კორუფციის ფაქტები, ამ ფაქტებთან დაკავშირებული სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეების შესაძლო არამართლზომიერი ქმედებები და სამართალდამცავი ორგანოების სავარაუდო უმოქმედობის მიზეზები.
„ქართული ოცნების“ მმართველობის დროს დაგროვდა ელიტური კორუფციის ათობით შესაძლო შემთხვევა, რომლებთან დაკავშირებითაც სამართალდამცავ სისტემას ან საერთოდ არ მოუხდენია რეაგირება, ან საზოგადოებისთვის უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიების მიმდინარეობა. მაღალი დონის კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევები კონსოლიდირებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების მიმოხილვებში. საქართველოში ელიტური კორუფცია სამი ძირითადი მიმართულებით ვითარდება, ესენია: სახელმწიფო შესყიდვები, საეჭვო და დაუსაბუთებელი გამდიდრება და ნებართვებისა და ლიცენზიების კორუფციული გზით დაუფლება. ჩამოთვლილი საეჭვო შემთხვევებიდან და საერთაშორისო ინდექსებში არსებული უარყოფითი დინამიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ პარლამენტმა განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით მასზე დაკისრებული საზედამხედველო ფუნქცია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გზით“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.
რეგლამენტის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.