„ლეიკერსმა“ შიდასასეზონო ტურნირი მოიგო, ლებრონ ჯეიმსი MVP-ი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) დასრულდა შიდასასეზონო ტურნირი – NBA-ის თასის მფლობელი „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ გახდა. კალიფორნიელებმა ლას ვეგასში გამართულ ფინალში „ინდიანა“ 123:109 დაამარცხეს.
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა „ლეიკერსის“ ცენტრი ენტონი დევისი: 41 ქულა, 20 მოხსნა, 5 პასი და 4 დაფარება (16/24 თამაშიდან, 9/13 საჯარიმოს ხაზიდან).
ლებრონ ჯეიმსის მონაგარი იყო – 24 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა (10/21 თამაშიდან).
„ლეიკერსის“ მცველმა ოსტინ რივზმა, რომელიც ავადმყოფობის მიუხედავად გავიდა მოედანზე, 28 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.
„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო იყო გამთამაშებელი ტაირიზ ჰალიბერტონი, რომლის ანგარიშზე ორმაგი დუბლი იყო – 20 ქულა და 11 პასი.
აღსანიშნავია, რომ „ლეიკერსმა“ შიდასასეზონო ტურნირში შვიდიდან შვიდივე მატჩი მოიგო.
„ლეიკერსისთვის“ თასის გადაცემის შემდეგ დასახელდა ტურნირის უძვირფასესი მოთამაშე – MVP-ის პრიზი ლებრონ ჯეიმსს ერგო. ფორვარდი, რომელსაც ამ თვეში შეუსრულდება 39 წელი, შვიდ მატჩში, საშუალოდ, 26,4 ქულას, 7,9 მოხსნასა და 7,6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ის თამაშიდან 56,8 პროცენტის სიზუსტით ისროდა, ხოლო სამქულიანების რეალიზაცია 60,1 პროცენტი იყო.
ლეიკერსი-ინდიანა 123:109 (34:29, 31:31, 25:22, 33:27)
ლ: დევისი (41+20 მოხსნა+4 დაფარება), ჯეიმსი (24+11 მოხსნა), რასელი (13+7 პასი), რედიში (9), პრინსი (6) – სასტარტო; რივზი (28), კრისტი (2).
ი: ჰალიბერტონი (20+11 პასი), ტოპინი (13), ტერნერი (10+7 მოხსნა), ჰილდი (8), ბ. ბრაუნი (4) – სასტარტო; მატურინი (20), ნესმიტი (15), ჯექსონი (10+4 დაფარება), მაკონელი (8+9 პასი), ტშიბვე (1).