„ლეიკერსის“ ზედიზედ მეორე ოვერტაიმი და რთული გამარჯვება „ოკლაჰომასთან“ - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
11:19, 09.02.2021
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „დეტროიტთან“ ორი ოვერტაიმის შემდეგ მოქმედმა ჩემპიონმა „ლეიკერსმა“ „სტეიპლს ცენტრში“ კიდევ ერთი დამატებითი 5 წუთი ითამაშა, ამჯერად „ოკლაჰომასთან“.
ლოს ანჯელესელებმა ოვერტაიმი დამაჯერებლად ჩაატარეს და საბოლოოდ 119-112 გაიმარჯვეს. მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა ლებრონ ჯეიმსმა. „მეფემ“ 28 ქულა, 14 მოხსნა და 12 პასი მიითვალა. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ენტონი დევისს. 19 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით დაასრულა მატჩი დენის შროდერმა. 21 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა მონტრეზლჰარელს. 11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა კაელ კუზმამ.
„ოკლაჰომას“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 29 ქულით, 7 მოხსნითა და 10 პასით შაი ალექსანდერი იყო. 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა ჰამიდოუდიალომ. 21 ქულითა და 16 მოხსნით დაასრულა მატჩი დარიუს ბეზლიმ.
„ლეიკერსი“ 19 მოგებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ პოზიციაზე ჯერჯერობით „იუტა“ არის.