„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „დალას მავერიქსის“ ლიდერის, ლუკა დონჩიჩის გაფორმებაზე ფიქრი დაიწყო. სლოვენიელი კალათბურთელი განიხილება „ლეიკერსის“ პოტენციურ ლიდერად, როცა გუნდიდან წავა ლებრონ ჯეიმსი, რომელიც მალე 41 წლის გახდება. ამის შესახებ წერს ჟურნალისტი კევინ ო’კონორი The Ringer-იდან.
ო’კონორმა ივარაუდა, რომ კალიფორნიული კლუბი უკვე მომდევნო წლის ზაფხულში შეეცდება დონჩიჩის გაფორმებას. ეს ის შემთხვევაში მოხდება, თუ ლებრონ ჯეიმსი არ გამოიყენებს „ლეიკერსთან“ კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელების პუნქტს. ხოლო თუ ჯეიმსი მაინც დარჩება გუნდში, დონჩიჩის ლოს ანჯელესში ჩასვლა 2026 წლის ზაფხულისთვის გადაიდება.
მაგრამ ასეთი გეგმის რეალიზება რთული იქნება. დონჩიჩის დონის კალათბურთელთან ნებისმიერი გარიგება უკიდურეს სირთულეს წარმოადგენს და ძვირადღირებული სიამოვნებაა. 25 წლის კალათბურთელმა 2022 წელს ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულებაა 215 მილიონი დოლარი. ამით ის, მინიმუმ, 2026 წლის ზაფხულამდე უკავშირდება „დალასს“. თუ დონჩიჩი აამოქმედებს ერთი წლით კონტრაქტის გაგრძელების პუნქტს, მისი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება და კალათბურთელი ამის სანაცვლოდ 48.9 მილიონ დოლარს მიიღებს.
ეს ციფრები არ იქნება პრობლემა „ლეიკერსისთვის“, მაგრამ ნამდვილ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ, ჭორების მიხედვით, დონჩიჩი ახლოს არის NBA-ის ისტორიაში ყველაზე მსხვილი კონტრაქტის გაფორმებასთან. 2025 წლის ზაფხულში მან, შეიძლება, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმოს „დალასთან“ და ამის სანაცვლოდ 346 მილიონ დოლარი მიიღოს.
გასულ სეზონში დონჩიჩმა რეგულარული ჩემპიონატის 70 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 33.9 ქულა, 9.2 მოხსნა და 9.8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ლებრონ ჯეიმსის სტატისტიკა 72 მატჩში იყო 25,6 ქულა, 7.3 მოხსნა და 8.3 შედეგიანი პასი.