ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ ბუნკერების ნანგრევებში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა ჩარჩენილი
ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ ბუნკერების ნანგრევებში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა ჩარჩენილი

ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ მეტალურგიული ქარხნის „აზოვსტალის“ ბუნკერების ნანგრევებში ჩარჩენილია 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა გამოყვანა ვერ ხერხდება, მათ შორის არიან ბავშვები. ამის შესახებ უკრაინელმა მებრძოლმა სააგენტო „როიტერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც პალამარმა აღნიშნა, უკრაინელ მებრძოლებს ესმით ხალხის ხმა, თუმცა ნანგრევებიდან მათ ამოყვანას ვერ ახერხებენ, რადგან ნანგრევების გასაწმენდად სპეციალური ტექნიკაა საჭირო.

„ვიმედოვნებ, რომ იქნება ევაკუაციის კიდევ ერთი რაუნდი და ქარხნის ტერიტორიაზე დარჩენილ ამ მშვიდობიან მოქალაქეებს გაიყვანენ. ჩვენ დავითვალეთ 20-მდე ბავშვი, ასევე ასობით ზრდასრული, ქალები და ხანდაზმულები. ჩვენ გვჭირდება გარკვეული სპეცოპერაციის ჩატარება, რადგან ნანგრევების ქვეშ ხალხია. ჩვენ გვესმის მათი საუბარი, თუმცა ჩვენ ვერ ვწევთ ამ ფილებს. ამასთან, ჩვენ ვგეგმავდით ბუნკერის ბლოკირებული ჩასასვლელის აფეთქებას, თუმცა მთელი ღამე საარტილერიო ცეცხლი არ გაჩერებულა. დღეს კი მთელი დღე ავიაცია მუშაობდა და გვბომბავდა“, – განაცხადა პალამარმა.

აზოვსტალის“ ქარხნიდან მოქალაქეების ერთი ჯგუფის გაყვანა გასულ შაბათ-კვირას გაერო-სა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით მოხერხდა. ევაკუაცია დღესაც უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სააგენტო „როიტერის“ ცნობით, პროცესი შეფერხდა.