„ლეგიას“ ოფიციალური გვერდი - ვაკო გვილია გუნდის საკვანძო მოთამაშე ხდება
„ვალერიან გვილია ალექსანდრე ვუკოვიჩის გუნდის მთავარ პერსონაჟად ყალიბდება“, – ასე იწყება ვარშავის „ლეგიას“ ოფიციალური გვერდის ინტერვიუ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთან.
ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიაში“ ახალი გადასულია, მაგრამ გუნდის ოფიციალური გვერდი წერს, რომ იგი კლუბის საკვანძო მოთამაშე გახდა. მისმა თანაგუნდელმა ანდრე მარტინსმა (პორტუგალიის ნაკრებში ნათამაშები ნახევარმცველი) კი განაცხადა, რომ „ვაკო არის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის კარგად ესმის“.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ევროპის ლიგაზე ბერძნულ „ატრომიტოსთან“ ვარშავის „ლეგიას“ გასვლით მოგებასა (2:0) და ევროპის ლიგის პლეი ოფში გასვლაშიც დიდი როლი ითამაშა (გოლი+საგოლე) და პოლონურმა მედიამ შეხვედრის გმირად მონათლა.
ვაკო გვილია ვარშავის „ლეგიას“ ვებგვერდთან ვრცელი ინტერვიუში ამბობს, რომ 2015 წელს უკრაინის ახალგაზრდულ გუნდში მოხვედრის მიუხედავად, საქართველოს სახელით თამაშზე ფიქრობდა.
„ყოველთვის ერთ რამეზე ვფიქრობდი და ვოცნებობდი – მთელი ცხოვრება საქართველოსთვის მეთამაშა. უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვედრა ჩემთვის ის ნაბიჯი იყო, რაც საბოლოოდ საქართველოს ნაკრებში მოხვედრაში დამეხმარებოდა. როდესაც ქართველი ხარ და უკრაინელები 21-წლამდელთა ნაკრებში გიწვევენ, ეს ადვილი საქმე არაა – ასე თქვენ სამზეოზე ჩნდებით. ამ გუნდში ოთხი ამხანაგური თამაში ჩავატარე, რის შემდეგაც გადავწყვიტე, რომ ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა არ მიღირდა, რადგან მერე ქართული პასპორტის დაბრუნება გამიჭირდებოდა“, – აცხადებს გვილია.
მან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩი გაიხსენა: „ბედიის ირონიით, პირველი შეხვედრა სწორედ უკრაინასთან ჩავატარე. სასაცილო ვითარება იყო, რადგან ჩემი უკრაინელი მეგობრების წინააღმდეგ ვთამაშობდი. ისინი მეხუმრებოდნენ, რომ ტაიმებს სხვადასხვა ნაკრებების ფორმით ჩავატარდებდი“.
ოცდახუთი წლის გვილიამ უკვე ოთხ ქვეყანაში თამაში მოასწრო – უკრაინაში, ბელარუსში, შვეიცარიასა და პოლონეთში. ამ გამოცდილების ფონზე, პოლონური ფეხბურთი შეფასება სთხოვეს: „პოლონური სტადიონების ატმოსფერო ძალიან მომწონს. ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარს და მატჩებს ბევრი ხალხი ესწრება. ლიგაც მიმზიდველია, რადგან წინასწარ გამარჯვებაში დარწმუნებული არასდროს არავისთან ხარ. პოლონეთის ლიგა შემიძლია შვეიცარიისას შევადარო – იქაც სეზონში ბევრი თამაში ტარდება“.
ვაკო რამდენიმე თვეა, რაც პოლონეთშია, მაგრამ ვარშავის „ლეგიას“ საკვანძო მოთამაშე გახდა. ქართველს ეს შეფასება ახარებს: „ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრჯერ მითქვამს, რომ „ლეგია“ შესანიშნავი კლუბია, სადაც ყოველდღე თანადგომას ვგრძნობ. ყველა ბევრს მუშაობს – იქნება ეს სამწვრთნელო სტაფის წვერი, ფეხბურთელები თუ კლუბის თანამშრომლები. ვცდილობ, ჩემი საქმით ნდობა გავამართლო და ყოველთვის 100 პროცენტით დავიხარჯო“.