ლეგენდების ტურნირში „დინამო თბილისის“ გუნდის კაპიტანი კახა კალაძე იქნება
ლეგენდების ტურნირში „დინამო თბილისის“ გუნდის კაპიტანი კახა კალაძე იქნება

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დღეს ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) იმართება, რომელშიც „დინამო თბილისი“ მონაწილეობს. გუნდის კაპიტანი კახა კალაძეა.

A ჯგუფში, ქართულ კლუბთან ერთად, დორტმუნდის „ბორუსია“, ლევერკუზენის „ბაიერი“ და „შალკე 04“ იასპარეზებენ.

„მივესალმები ასეთი ტურნირის ჩატარებას. ძალიან დიდია ინტერესი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ვეტერანი ფეხბურთელები იკრიბებიან. წელს „დინამო თბილისის“ სახელით გამოვდივართ და მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ მაღალი დონის ტურნირში, სადაც წამყვანი გერმანული საფეხბურთო კლუბები არიან წარმოდგენილები. 19 იანვარს უკვე ბათუმში გაიმართება ტურნირი ნაკრებების დონეზე, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ ტურნირის დაწყების წინ.

მაქს შმელინგის სახელობის დარბაზში მისულ ქართველ ვეტერან ფეხბურთელებს გულშემატკივრები დახვდნენ. კახა კალაძემ მათ ავტოგრაფი დაურიგა და სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

„დინამო“ თბილისსა და ლევერკუზენის „ბაიერს“ შორის მატჩი 20:45 საათზე დაიწყება. ‬