ლეგენდარული „დინამოს“ „მოტორი“, რომელმაც მარადონა ჩაკეტა - თენგიზ სულაქველიძე იუბილარია #1TVSPORT
ლეგენდარული „დინამოს“ „მოტორი“, რომელმაც მარადონა ჩაკეტა - თენგიზ სულაქველიძე იუბილარია #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ვეტერან ფეხბურთელს, თენგიზ სულაქველიძის აკადემიის დამფუძნებელს დღეს 65 წელი შეუსრულდა.

„დინამოს“ ვარსკვლავი

ქართული ფეხბურთის ოქროს თაობის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“, თბილისის „დინამოში“, საბჭოთა კავშირის ნაკრებში. თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978) და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასისა (1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი. ოთხჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში, სამჯერ – პირველ ნომრად.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, თენგიზ სულაქველიძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. არის საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981) და ღირსების ორდენის კავალერი.

მოკლედ რომ დავახასიათოთ, თენგიზ სულაქველიძე იყო 1981 წლის 13 მაისის „დინამოს“ „მოტორი“, რომლის გარეშეც ეს გუნდი წარმოუდგენელი იქნებოდა.

სანაკრებო კარიერა

სულაქველიძე 1980–1988 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 49 მატჩი ითამაშა და ორი ბურთი გაიტანა. იშვიათი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ნათამაშები აქვს სამ უდიდეს ტურნირზე – ოლიმპიადაზე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.

სულაქველიძის დებიუტი ნაკრებში შედგა 1980 წლის 26 მარტს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში იყო 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, სადაც ოთხ შეხვედრაში მონაწილეობდა. 1988 წელს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 1980 წელს – ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი.

მარადონას წინააღმდეგ

საინტერესოა, რომ „დინამოში“ თენგიზ სულაქველიძე თამაშობდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, ხოლო სსრკ-ს ნაკრებში – მარჯვენა მცველად. მის კარიერაში დაუვიწყარია 1988 წლის 31 მარტი – ამ დღეს ქართველმა ფეხბურთელმა საბჭოთა ნაკრებში ურთულესი გამოცდა ჩააბარა.

ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ გამართულ ოთხთა ტურნირზე სსრკ-ის ნაკრები არგენტინას შეხვდა და 4:2 დაამარცხა. „წითლების“ შეტევამ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ მსოფლიო მედიამ ქართველი სულაქველიძე გამოარჩია, რომელმაც დიეგო მარადონას ნეიტრალიზება შეძლო. არგენტინელი ლეგენდა ორი წლით ადრე მექსიკაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და იმ დროისთვის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა.

თენგიზ სულაქველიძე

დაიბადა 1956 წლის 23 ივლისს ქუთაისში (65 წლის)

სიმაღლე – 178 სმ

პოზიცია – ნახევარმცველი/მცველი

პროფესიონული კარიერა

წლები, გუნდი, მატჩი (გოლი)

1974–1978  ტორპედო 138 (2)

1978–1988  დინამო თბ. 279 (21)

1989  ჰოლმსუნდი 14 (1)

სსრ ნაკრები

1980–1988 სსრ კავშირი 49 (2)

მიღწევები

საკლუბო

საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1978

ბრინჯაოს პრიზიორი: 1981

საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი: 1979

ფინალისტი: 1980

ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო მიღწევები

სსრ კავშირის სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1979

სსრ კავშირის ოლიმპიური ნაკრები

ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი: 1980

საბჭოთა კავშირის ნაკრები

ევროპის ვიცე-ჩემპიონი: 1988

ინდივიდუალური მიღწევები

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის 33 საუკეთესო

№1: 1980, 1981, 1984

№2: 1986