ლებრონის გუნდმა დურანტის გუნდი დაამარცხა - ატლანტაში „ოლ სტარის“ მატჩი გაიმართა [ვიდეო] #1TVSPORT
2021 წლის ოლ სტარის შეხვედრას ატლანტას „სთეით ფარმ არენამ“ უმასპინძლა. ლებრონის გუნდი დურანტის გუნდს დაუპირისპირდა და შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით 170:150 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი გუნდის კაპიტანმა, კევინ დურანტმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ასევე ბოლო საათებში გაირკვა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჯოელ ემბიდი და ბენ სიმონსი.
ლებრონის გუნდმა ოთხიდან სამი პერიოდი მოიგო. მატჩის MVP (Kobe Bryant All-Star Game MVP trophy) „მილუოკის“ ლიდერი იანის ანტეტიკუნმპო გახდა, რომელმაც 16-დან 16 ბურთი ჩააგდო. ბერძენმა ვარსკვლავმა მატჩი 35 ქულით დაასრულა. ოლ სტარის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი სწორედ იანისის მონაწილეობით შედგა.
სტეფ კარიმ 28 ქულა მიითვალა. პირველ ნახევარში „ვორიორზის“ ლიდერმა მოედნის ცენტრიდან რამდენიმე ბურთი ჩააგდო, მოგვიანებით კი გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.
შეხვედრის მომგები ბურთი დემიენ ლილარდმა ჩააგდო. „პორტლენდის“ გამთამაშებელმა 32 ქულა დააგროვა და მანაც კარის მსგავსად მოედნის ცენტრიდან შეძლო რამდენიმე ბურთის ჩაგდება.
დურანტის გუნდში 24 ქულითა და 12 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა კაირი ირვინგმა. ბრედლი ბილის ანგარიშზე 26 ქულაა.