დასავლეთ კონფერენციის ფინალში „დენვერ ნაგეტსთან“ სერიაში 0:4 მარცხის შემდეგ მედიის ყურადღება ლებრონ ჯეიმსისკენაა მიპყრობილი.
გამოცემა Bleacher Report-ის ინფორმაციით, „ლეიკერსის“ 38 წლის ვარსკვლავი კარიერის დასრულებას განიხილავს. ეს მოსაზრება გააძლიერა „დენვერთან“ სერიის მეოთხე მატჩის დასრულების შემდეგ ლებრონის განცხადებამაც.
„თავს კარგად ვგრძნობ, გუნდთან ერთად შესანიშნავი პერიოდი გამოვიარე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მთავარი ტიტულისთვის ბრძოლაა, მაინც პოზიტიური სეზონი გამოგვივიდა. ახლა სათანადოდ უნდა დავფიქრდე, როგორ გაგრძელდება ჩემი და კალათბურთის ურთიერთობა“, – ამბობს ჯეიმსი.
„დენვერთან“ სერიის მეოთხე თამაში, რომელიც „ლეიკერსმა“ 111:113 წააგო, ლებრონ ჯეიმსმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მან მატჩის განმავლობაში მხოლოდ 4 წამით დაისვენა, საკუთარ აქტივში კი 40 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ბოლო წამზე მას შეხვედრის მოგებაც შეეძლო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში აარონ გორდონმა დაუფარა.