ლებრონ ჯეიმსი 35 000 ქულას გადასცდა - „ლეიკერსი“ დევისისა და შროდერის გარეშე „ბრუკლინთან“ დამარცხდა [ვიდეო]
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 3 შეხვედრა გაიმართა. „ლეიკერსმა“ „სტეიპლს ცენტრში“ „ბრუკლინს“ უმასპინძლა და 98-109 დამარცხდა. მოქმედი ჩემპიონი ენტონი დევისისა და დენის შროდერის გარეშე თამაშობდა. წამყვანი მოთამაშეების არყოფნაში 32 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი მიითვალა ლებრონ ჯეიმსმა, რომელიც კარიერაში 35 000 ქულას გადაცდა. ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის ლებრონი მესამე პოზიციაზეა. კაელ კუზმამ 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.
„ბრუკლინმა“ შეხვედრა კევინ დურანტისა და იმან შამპერტის გარეშე გამართა. ორმაგი დუბლი შეასრულა ჯეიმს ჰარდენმა (23 ქულა, 5 მოხსნა, 11 პასი). ჯო ჰარისის ანგარიშზე 21 ქულაა. კაირი ირვინგი კი 16 ქულას დასჯერდა.
ლოს ანჯელესელებს მიმდინარე რეგულარულში 22 მოგება და 8 მარცხი აქვთ და მეორე ადგილს ინარჩუნებენ. რაც შეეხება „ბრუკლინს“, „ნეტსი“ 19 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში ასევე მეორე ადგილზეა.