ლებრონ და ბრონი ჯეიმსები 2024-25 წლების სეზონის პირველ კვირას ერთად ითამაშებენ #1TVSPORT
„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ NBA-ის 2024 წლის დრაფტზე მეორე რაუნდში აირჩია ლებრონ ჯეიმსის ვაჟი ბრონი ჯეიმსი. შესაბამისად, 2024-25 წლების სეზონში მამასა და შვილს ერთად თამაშის საშუალება მიეცემათ, რაც პირველად მოხდება ლიგის ისტორიაში.
როგორც ცნობილი ინსაიდერი ედრიან ვოინაროვსკი წერს, ლებრონი და ბრონი ახალი სეზონის პირველ კვირას ითამაშებენ ერთად, შემდეგ კი უმცროსი ჯეიმსი ძირითადად განვითარების ლიგის მატჩებში იქნება დაკავებული.
„„Ლეიკერსში“ მიაჩნიათ, რომ ბრონი ჯეიმსი G-ლიგის მოთამაშე იქნება, ისევე როგორც თითქმის ყველა 19 წლის კალათბურთელი, რომელიც დრაფტის მეორე რაუნდში აირჩიეს. ბრონის ჩვენ ახალი სეზონის პირველ კვირას ვიხილავთ მოედანზე თავის მამასთან ერთად და ამ ისტორიულ მოვლენას მთელი მსოფლიო მიაპყრობს მზერას.
ისინი პირველი კვირა ერთად ითამაშებენ, მაგრამ არავინ ელოდება, რომ ბრონი „ლეიკერსის“ როტაციაში მოხვდება“, – წერს სოციალურ ქსელში ვოინაროვსკი.
ლეგენდარული ლებრონ ჯეიმსის ვაჟმა „ლეიკერსთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა დებიუტანტის მინიმალური ხელფასით.
უფრო ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ „ლეიკერსს“ ძალიან სურს ლებრონ ჯეიმსის შენარჩუნება. ჟურნალისტ შემს ჩარანიას ინფორმაციით, უფროსი ჯეიმსი კლუბთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს, რის სანაცვლოდაც 104 მილიონ დოლარს მიიღებს.