Le10 Sport - „ბარნლი“ მზად არის, მიქაუტაძის ტრანსფერში 20 მილიონი გადაიხადოს, მისი კონკურენტი „ვულვერჰემპტონია“, „ლიონი“ თანხამ შეაშინა #1TVSPORT
Le10 Sport - „ბარნლი“ მზად არის, მიქაუტაძის ტრანსფერში 20 მილიონი გადაიხადოს, მისი კონკურენტი „ვულვერჰემპტონია“, „ლიონი“ თანხამ შეაშინა #1TVSPORT

პრემიერლიგაში დაბრუნებული „ბარნლი“ მზად არის, „მეცის“ მიერ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერში მოთხოვნილი 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ მას კონკურენციას პრემიერლიგის კიდევ ერთი კლუბი, „ვულვერჰემპტონი“ უწევს, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le10 Sport-ი ავრცელებს.

„„ბარნლი“ ინგლისური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა და სატრანსფერო საქმიანობა უკვე გააჩაღა. მათი ინტერესი არ ქრება ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის მიმართ, რომელმაც გუნდის მწვრთნელის, ვენსან კომპანის ყურადღება გასულ ზაფხულში ბელგიის ჩემპიონატში შედეგიანი თამაშით მიიპყრო. თუმცა, ინგლისელებმა მაშინ ვერ შეძლეს „მეცთან“ შეთანხმება. „მეცში“ დაბრუნებულმა მიქაუტაძემ ლიგა 2-ის ბოლო ტურამდე 23 გოლი გაიტანა და იმის მიუხედავად, მოიპოვებს თუ არა „მეცი“ ლიგა 1-ის საგზურს, სავარაუდოდ, ქართველი თავდამსხმელი კლუბს რეკორდულ საფასურად დატოვებს.

რა ეღირება მიქაუტაძის გარიგება? მიქაუტაძის ტრანსფერს 2022/23 წლების სეზონის შედეგად კლუბი 20 მილიონი ევროდ (17,2 მილიონი ფუნტი) აფასებს, მაგრამ ზოგიერთი კლუბი ამ ფასის გადასახდელად მზად არ აღმოჩნდა. ლიონის „ოლიმპიკი“ ერთ-ერთია, ვინც ამის გამო დაბრკოლდა, თუმცა მაინც დაინტერესებულია ფეხბურთელით, რომელიც ლიონშია დაბადებული და გუნდის საფეხბურთი აკადემიაში შვიდი წელი გაატარა. სამაგიეროდ, ეს თანხა „ბარნლისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს.

ინგლისური გუნდი მზად არის, გადაუხადოს „მეცს“ ეს თანხა. იმავეს აპირებს მისი პრემიერლიგელი მეტოქე „ვულვერჰემპტონი“, რომელიც ახალ ფორვარდებს ეძებს. ასე რომ, შესაძლოა, მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ორი ინგლისური კლუბი ჩაერთოს, „მეცი“ კი თავისი თილისმის ტრანსფერში სოლიდური რვანიშნა თანხის მიღებას იმედოვნებს“, – წერს ფრანგული გამოცემა.