„ლე პარიზიენი“-ის (Le Parisien) ინფორმაციით, მიხაელ შუმახერი პარიზში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში 9 სექტემბერს, „საიდუმლო მკურნალობისთვის“ მიიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული მრბოლელის მიღების შემდეგ დაწესებულება გარეშე პირებისთვის დაიხურა, ფრანგმა ჟურნალისტებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი მაინც შეიტყვეს.
პირველ რიგში, ცნობილია, რომ შუმახერს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის პროცედურა ჩაუტარდა. მიხაელ შუმახერი კლინიკაში პროფესორმა ფილიპ მენაშემ მიიღო – წამყვანმა კარდიოქირურგმა, რომელმაც სახელი გულის უკმარისობის მქონე პაციენტთათვის ემბრიონული უჯრედების გადანერგვით გაითქვა.
ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე კი ისაა, რომ შუმახერი გონზე მოვიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მედდამ აცნობა: „დიახ, ისინი ჩემი მორიგეობისას მოვიდნენ. მინდა, დარწმუნებით გითხრათ, რომ ის გონზეა“.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელიც 2013 წელს მოხდა, 50 წლის შუმახერი რეაბილიტაციის პროგრამას გადის. ლეგენდარული მრბოლელი ხელოვნური კომიდან 2014 წელს გამოიყვანეს.