ლაზარე კუპატაძე - ასეთივე ენთუზიაზმით გაგრძელება ბათუმს აუცილებლად მოუტანს იმ შედეგს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ელის #1TVSPORT
ლაზარე კუპატაძე - ასეთივე ენთუზიაზმით გაგრძელება ბათუმს აუცილებლად მოუტანს იმ შედეგს, რასაც ქართველი გულშემატკივარი ელის #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბათუმის „დინამოში“ გადასვლაზე, ჩემპიონობაზე და საკუთარ ემოციებზე წერს.

„2021 წლის იანვარი… ბათუმის „დინამოსთან“ კონტრაქტი გავაფორმე და მალევე, გუნდმა გამოაცხადა ჩემი ტრანსფერი. მახსოვს კომენტარები, აბსოლუტურად ყველა, ვინც წერდა, რომ ეს იყო წარუმატებელი ნაბიჯი გუნდისთვის, კიდევ უფრო „მაგრებიც“…. საბედნიეროდ, იყო კომენტარები, სადაც წარმატებებს მისურვებდნენ“, – წერს კუპატაძე.

ბათუმის „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების კიპერმა სეზონის დაწყება გაიხსენა.

„დაიწყო სეზონი და გუნდმა მალევე იგრძნო ის ერთსულოვნება, რომელიც წარმატებამდე მიგვიყვანდა. გასახდელში, მოედანსა თუ მოედნის გარეთ იგრძნობოდა ერთიანობა, ერთმანეთისადმი პატივისცემა და სიყვარული. ამ ყველაფრის ფონზე კი დღეს ბათუმის „დინამო“ ისტორიაში პირველად, ხოლო მე მეორედ საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ეს იყო ბედნიერი წელი, თუმცა შეგვეძლო მეტი, როგორც თასის მოგებით, ასევე ევროტურნირებზე უფრო შორს გასვლით, თუმცა მჯერა, რომ საქმის ამ სიყვარულით და ენთუზიაზმით გაგრძელება აუცილებლად მოიტანს იმ შედეგს, რომელსაც ბოლო წლებში ქართველი გულშემატკივარი ასე მაგრად ელოდება“.

მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, სამწვრთნელო შტაბს და ხელმძღვანელობას.

„ასე და ამგვარად, როგორც წიგნის განსჯა არ შეიძლება ყდით, ასევე არ შეიძლება ფეხბურთელი ნაჩვენები ფეხბურთის გარეშე შეაფასო, საჭიროა მხარდაჭერა, რასაც მთელი სეზონის განმავლობაში ვგრძნობდი. მადლობა ბათუმის „დინამოს“ საოცარ გულშემატკივრებს და განსაკუთრებით, „შავი ზღვის პირატებს“. დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს და ხელმძღვანელობას, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და ჩემის მხრივ, მუდამ ვცდილობდი ამ გაცემული ნდობის მაქსიმალურად გამართლებას. ჩემპიონები ვართ და გილოცავთ ყველას, ვისაც ეს გაგიხარდათ. ამაზე გაჩერება არ შეიძლება, ჩვენ ბათუმის „დინამო“ ვართ და უფრო მეტი გვსურს“.

დატოვე კომენტარი