ლატვიური ავიაკომპანია „ეარ ბალტიკი“ ზამთრის სეზონზე ზოგიერთი მიმართულებით ფრენებს შეაჩერებს

12:03, 12.10.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

ლატვიურმა ავიაკომპანია „ეარ ბალტიკმა“ ზოგიერთ მგზავრს აცნობა, რომ მათ მიერ წინასწარ შეძენილი ავიაბილეთების რეისები გადაიდო ან გაუქმდა. ავიაკომპანიის განმარტებით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საავიაციო საწვავის ფასების ზრდაა. „ლატვიის რადიოს“ ინფორმაციით, რამდენიმე მიმართულებით ფრენები ზაფხულის სეზონზე განახლდება, თუმცა რიგა-ინსბრუკის მარშრუტზე ფრენები საერთოდ შეჩერდება.

„ეარ ბალტიკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პოლიტიკური საკითხების ხელმძღვანელის, აუგუსტს ზილბერტსის განმარტებით, ფრენების გადადების და გაუქმების მთავარი მიზეზი საავიაციო საწვავის მაღალი ფასია, რომელიც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. საწვავის ხარჯები ავიაკომპანიის მთლიანი დანახარჯების მესამედს შეადგენს.

შესაბამისად, ზამთრის სეზონზე – ოქტომბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე – რიგიდან ბუქარესტის, სოფიის, ბუდაპეშტისა და ოულუს (ფინეთი) მიმართულებით ფრენები არ შესრულდება.

ამ მიმართულებებით ფრენების აღდგენა მომავალი წლის ზაფხულის სეზონზე იგეგმება. თუმცა, რიგა-ინსბრუკის მარშრუტზე ფრენები საერთოდ შეჩერდება. იანვარსა და თებერვალში „ეარ ბალტიკი“ ფრენების სიხშირეს იმ მარშრუტებზეც შეამცირებს, სადაც მოთხოვნა, როგორც წესი, შედარებით დაბალია.

„საერთო ხარჯების გათვალისწინებით, მგზავრთნაკადის დატვირთვის კოეფიციენტი არ არის საკმარისად მაღალი იმისთვის, რომ ეს მარშრუტები მომგებიანი იყოს, რის გამოც ფრენების სიხშირე შემცირდება რიგა-კოპენჰაგენის, რიგა-ოსლოს, რიგა-ვენისა და რიგა-მიუნხენის მიმართულებებზე. მარტივად რომ ვთქვათ, ფრენების სიხშირე უფრო დაბალი იქნება, ხოლო ზამთრის სეზონის გარკვეულ თვეებში იძულებული ვართ, შევცვალოთ ფრენების განრიგი რიგა-მადეირასა და რიგა-პრაღის მარშრუტებზეც“, – აღნიშნა „ეარ ბალტიკის“ წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ამ ცვლილებებით დაზარალებულ მგზავრებს ლატვიური ავიაკომპანია ალტერნატიულ ვარიანტებს სთავაზობს. მათ შეუძლიათ, აირჩიონ სხვა ხელმისაწვდომი რეისი, რომელიც თავდაპირველად დაგეგმილ ფრენამდე ან მის შემდეგ 14 დღის განმავლობაში შესრულდება. მგზავრებს ასევე შეუძლიათ, მოითხოვონ ბილეთის საფასურის დაბრუნება.

უფრო ადრე, „ეარ ბალტიკმა“ გამოაცხადა, რომ ზამთრის სეზონზე ბალტიის ქვეყნებში ფრენებს 10-ზე მეტ მიმართულებაზე შეაჩერებდა. მათ შორისაა რიგიდან 7 მიმართულება: ფარუ (პორტუგალია), კიტილა (ფინეთი), ლიუბლიანა, მალტა, მარაკეში, ზალცბურგი და დუბაი. ლიუბლიანის მიმართულებით ფრენები ზაფხულის სეზონზე განახლდება.

მომავალი ზამთრის სეზონზე „ეარ ბალტიკი“ რიგიდან 45-ზე მეტ პირდაპირ რეისს შესთავაზებს მგზავრებს.

სტატიის ავტორი: ნიკიტა ანდრეიევსი, ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)

ფოტოს ავტორი: კონსტანტინ სედნევი, გამოცემა „პოსტიმეესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 9 ოქტომბერი, 2026 წელი, 12:54 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი