ლატვიური ავიაკომპანია „ეარ ბალტიკი“ თანამშრომელთა მასობრივ გათავისუფლებას გეგმავს
საილუსტრაციო ფოტო
რიგის, ვილნიუსის და ტალინის ავიაბაზებზე შეიძლება 500-დან 700-მდე სამუშაო ადგილი გაუქმდეს – ეს არის თანამშრომელთა სავარაუდო რაოდენობა, რომელთა სამსახურიდან გაშვება შესაძლოა ლატვიური ავიაკომპანია „ეარ ბალტიკის“ ახალი ბიზნესგეგმის განხორციელებამ გამოიწვიოს. „ეარ ბალტიკის“ ცნობით, ავიაკომპანიამ დაგეგმილი მასობრივი დათხოვნების შესახებ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს უკვე აცნობა.
ავიაკომპანიაში ამჟამად დაახლოებით 3 000 ადამიანი მუშაობს.
პროგნოზით თანახმად, ცვლილებები შეიძლება შეეხოს რიგის, ვილნიუსისა და ტალინის ავიაბაზებზე „ეარ ბალტიკის“ დაახლოებით 500-დან 700-მდე სამუშაო ადგილს. გასათავისუფლებელ თანამშრომელთა ზუსტი რაოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის და პროცესის მიმდინარეობისას შესაძლოა შეიცვალოს როგორც პროფკავშირებთან კონსულტაციების დროს, ისე კომპანიის ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავების პროცესში. ავიაკომპანიის რეორგანიზაცია ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის უნდა დასრულდეს.
„ვაცნობიერებთ, რომ დაგეგმილ ცვლილებებს ჩვენი თანამშრომლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ეტაპზე კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ჯერ არ მიგვიღია. თუმცა, ამ საკითხზე მსჯელობა და კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. მთელი პროცესი სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დადგენილ პროცედურებს“, – ამბობს „ ეარ ბალტიკის“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ერნო ჰილდენი.
კომპანიის განცხადებით, თანამშრომლებს უფრო დეტალურ ინფორმაციას ოქტომბერში მიაწვდიან. ვინაიდან კონკრეტულ თანამშრომლებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ჯერ არ არის მიღებული, ამ ეტაპზე ნაადრევია იმის თქმა, რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები ცალკეულ ავიაბაზებზე, კომპანიის სხვადასხვა მიმართულებასა თუ თანამშრომელთა ჯგუფებზე.
დაგეგმილი მასშტაბური შემცირებების შესახებ „ეარ ბალტიკმა“ დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს უკვე აცნობა.
ავიაკომპანიის განცხადებით, შემდგომი ნაბიჯები კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად გადაიდგმება.
ლატვიის საავიაციო პროფკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, დაიცე კავასა ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მედიიდან შეიტყო.
„რამდენ ადამიანს შეეხება ეს ცვლილებები ან რომელ ბაზებზე, განყოფილებებსა თუ სამუშაო კატეგორიებში განხორციელდება – ამ საკითხებზე საერთოდ არ გვიმსჯელია. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან რთულია იმის თქმა, რას გულისხმობს „ეარ ბალტიკი“ 500–700 ადამიანის განთავისუფლებაში. კომპანიის ვალდებულებაა, წერილობით მოგვაწოდოს დეტალური ინფორმაცია. ამას ლატვიის შრომის კანონი, ასევე ევროკავშირის შესაბამისი დირექტივა ითვალისწინებს. სამწუხაროდ, ინფორმაციას მედიიდან ვიგებთ. ეს არის ძალიან ზედაპირული ინფორმაცია, ყოველგვარი დამატებითი განმარტების გარეშე. კომენტარის გაკეთება რთულია, როდესაც ევროკავშირის დირექტივისა და კანონის მოთხოვნების მიუხედავად, პროფკავშირებს ინფორმაცია წერილობით ჯერ არ მიუღია“, – განაცხადა კავასამ.