ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები დაგმეს
ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები დაგმეს

ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ლატვიის გამოცდილების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს საუკეთესო გზაა ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და მშვიდობის მშენებლობისათვის, – ამის შესახებ ლატვიის სახელმწიფო მდივანმა, ანდრეი პილდეგოვიჩმა გაერო-ში საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიებაზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხებოდა, ლატვიის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა გაერო-ში ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა, აუდრა პლეპიტემ, რომელმაც საქართველოსა და ლიტვის მჭიდრო პარტნიორობაზე ისაუბრა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, რომელიც მიმართულია ხალხთა დაახლოებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარებისკენ, უფრო მეტი ეკონომიკური კავშირის აგებისა და რაც ყველაზე მთავარია – განათლების ხელმისაწვდომობისკენ, რაც მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენის პროცესისთვის“, – განაცხადა გაერო-ში ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა.

ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ქმედებები დაგმეს.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელურ ღონისძიების „ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სიტყვით გამოვიდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში High level meeting on peacebuilding and sustaining peace და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.