ლატვიის სეიმმა „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ლატვიის სეიმმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ „სტამბოლის კონვენციიდან“ გასვლას ითვალისწინებს.
დებატები 12 საათი გაგრძელდა.
100-წევრიან პარლამენტში კანონპროექტს მხარი დაუჭირა 56-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 32, ხოლო ორმა თავი შეიკავა.
ლატვიის პრეზიდენტმა კანონპროექტს ხელი ათი დღის ვადაში უნდა მოაწეროს ან ხელახლა განსახილველად სეიმს დაუბრუნოს.
კონვენციიდან გასვლის წინააღმდეგ სეიმთან საპროტესტო აქციაც გაიმართა.
დემონსტრაციაზე დაახლოებით 5 000 ადამიანი იმყოფებოდა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ლოზუნგებით.
კონვენციას პირველად ხელი მოეწერა სტამბოლში 2011 წელს და ძალაში შევიდა სამი წლის შემდეგ. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ დოკუმენტს ხელი მოაწერა და მისი რატიფიცირება მოახდინა. ლატვია მეორე ქვეყანა იქნება თურქეთის შემდეგ, რომელიც კონვენციას დატოვებს.