ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა
ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა

ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა, შესაბამისი განცხადება ლატვიის საკანონმდებლო ორგანომ დღეს მიიღო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში წარმოადგენს „უკრაინელი ხალხის მიზანმიმართულ გენოციდს“.

„რუსეთი, თავისი აგრესიული და უკანონო ომის მიზნების მისაღწევად მიისწრაფვის უკრაინელი ხალხისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დაშინებისა და დემორალიზებისკენ, ასევე უკრაინის სახელმწიფოს ფუნქციონირების პარალიზებისკენ, რათა მოახდინოს უკრაინის ოკუპაცია. ანუ, რუსეთი ამ ძალადობას მიმართავს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ლატვიის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რიხარდ კოლემ.

​ლატვიის სეიმმა თანამოაზრე ქვეყნებს მოუწოდა, აღიარონ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, ხოლო ევროკავშირს მიმართა რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ტურისტული და სხვა სახის ვიზების გაცემა შეაჩეროს.

მანამდე, 10 მაისს ლატვიის საკანონმდებლო ორგანომ რუსეთის სამხედროების ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა.