ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან გადამწყვეტია მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან გადამწყვეტია მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის

ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან გადამწყვეტია მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა რიგის უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ლატვიის დედაქალაქში იმართება.

ამავე ფორუმზე სიტყვით უნდა გამოვიდეს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც.

„ნატო მარტო არ არის. ჩვენი პარტნიორობის ქსელი ღირებულია როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი პარტნიორებისთვის. ყველა პარტნიორობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველა ერთმანეთს არ ჰგავს. ჩვენ უნდა გვქონდეს მეტად ინდივიდუალური მიდგომა პარტნიორებისადმი. ნატო-ს აქვს პარტნიორობა რიგ ქვეყნებთან, რომელიც გვეხმარება ალიანსის მთავარი ამოცანების შესრულებაში, როგორიც არის პარტნიორობა ფინეთთან და შვედეთთან. ასევე არსებობს პარტნიორობა, რომელიც გადამწყვეტია მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის. ასეთი პარტნიორობა გვაქვს საქართველოსთან და უკრაინასთან. ასევე დასავლეთ ბალკანეთთან და ჩრდილოეთ აფრიკასთან“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

მისივე თქმით, ნატო-ს კარი კვლავ ღიაა და ალიანსი გააგრძელებს ნატო-ს ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერას.

„ლატვიაში ჩვენი გამოცდილებიდან ვიცით, რა რთული არის ეს გზა, თუმცა ამის გაკეთება შესაძლებელია“, – აღნიშნა რინკევიჩსმა.