ლატვიის საავადმყოფოებზე წნეხი იზრდება
ცხელმა ამინდმა, რომლითაც ბევრი ადამიანი სიამოვნებას იღებს, ბავშვებს, ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებლის (LSM) მიერ 30 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი პაციენტი საავადმყოფოში გაუწყლოების (დეჰიდრატაციის) გამო მოათავსეს.
ამ დღეებში ლატვიის უმსხვილესი საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებები განსაკუთრებით არის დატვირთული.
პაულს სტრადინშის კლინიკური საუნივერსიტეტო საავადმყოფოს (PSKUS) ორდინატორმა და კარდიოლოგმა, მარის ლაპშოვსმა განაცხადა, რომ მისი მორიგეობის დროს საავადმყოფოში მიიყვანეს პაციენტი, რომელსაც მაღალი სიცხეების გამო, ინფარქტი განუვითარდა. ლაპშოვსი მოუწოდებს მოსახლეობას, ტკივილის ან თავბრუსხვევის პირველივე ნიშნებისთანავე, ჯანმრთელობის მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ და თუ მდგომარეობას თავად ვერ უმკლავდებიან, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს.
„სიცხეს ყველაზე მეტად ის ადამიანები გრძნობენ, ვისაც ერთდროულად ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა აწუხებს – გულის უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის უკმარისობა, დიაბეტი. მათ ძალიან დიდი სიფრთხილე მართებთ“, – განაცხადა ექიმმა.
PSKUS-ის სისხლძარღვთა ქირურგი, პროფესორი დაინის კრიევინში კი ყველას შეახსენებს, რომ ცხელ ამინდში ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი სითხის მიღებაა საჭირო.
გაუწყლოებით დაზარალებულ პაციენტებს მკურნალობენ რიგის აღმოსავლეთის საუნივერსიტეტო კლინიკური საავადმყოფოს (RAKUS) გადაუდებელი მედიცინის კლინიკაშიც.
„სითხის კარგვის მატებასთან ერთად, ჯანმრთელობის პრობლემები მწვავდება. პაციენტები ხდებიან ლეთარგიულები, იქამდეც კი, რომ ლოგინიდან ადგომას ვერ ახერხებენ. გვყავს პაციენტები, რომელთა მდგომარეობაც დამატებითი სითხის მიღების შემდეგ სწრაფად უმჯობესდება“, – აღნიშნა RAKUS-ის გადაუდებელი მედიცინის კლინიკის ხელმძღვანელმა, ალექსეის ვიშნიაკოვსმა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სახელმწიფო სამსახურის (NMPD) წარმომადგენელმა, ინგა ვიტოლამ კი განმარტა, რომ სიცხის დროს მედიკოსებს, ძირითადად, მსგავსი ტიპის გამოძახებებზე უწევთ რეაგირება.
„გამოძახებები, რომლებზეც სამედიცინო პერსონალს უწევს რეაგირება, მეტად სერიოზულია. უმეტესწილად, სიტუაციები ერთმანეთს ჰგავს: მცირეწლოვანი ბავშვები და მოზრდილები, რომლებმაც თავსაბურავის გარეშე ხანგრძლივი დრო გაატარეს წყალსატევებთან, არ მიიღეს საკმარისი სითხე, ან ადამიანები, რომლებიც ჩახუთულ, გაუნიავებელ ოთახებში იმყოფებოდნენ“.
ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, მოერიდონ მზის პირდაპირ სხივებს დღის 11:00-დან 16:00 საათამდე, ხშირად სვან წყალი და აუცილებლად მოიკითხონ ხანდაზმული ნათესავები, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ.
სტატიის და ფოტოს ავტორი: აია კინცა, ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 30 ივნისი 2026, 08:49 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)