ლატვიის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს [ვიდეო]

ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კრიშიანის კარიშნი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიის მთავრობისა და ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვიდეომიმართვა მომზადდა, სადაც ლატვიის მთავრობის მეთაური ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურთიერთმხარდაჭერასა და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას.

„მე, ჩემი მთავრობა და ჩემი ქვეყანა გულწრფელად ვულოცავთ ქართველებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ლატვიასა და საქართველოს მრავალწლიანი მჭიდრო და თბილი ურთიერთობა აკავშირებთ. მე მჯერა, რომ ეს ურთიერთობა უფრო გაღრმავდება, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო. დღეგრძელობა საქართველოს! ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სრულიად საქართველოს მცხოვრებლებს“, – აცხადებს კრიშიანის კარიშნი.

ამავე ვიდეორგოლში ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხო მიმართვა, სადაც დავით ზალკალიანი მადლობას უხდის ლატვიას საქართველოს მხარდაჭერისთვის

„დიდი მადლობა ლატვიის რესპუბლიკას მეგობრობისა და მხარში დგომისთვის! ლატვიელ და ქართველ ხალხს გვაკავშირებს დიდი სიყვარული და მეგობრობა. ჩვენ ერთად ვიბრძოდით თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის და კარგად ვიცით მისი ფასი! ამ პროცესში ერთმანეთის თანადგომა მნიშვნელოვანია“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

ლატვიელ და ქართველ ხალხს ასევე მიმართავს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძე.