ლატვიის პარლამენტმა რუსული პროდუქციის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა გააფართოვა
ლატვიის სეიმი (საილუსტრაციო ფოტო)
ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს, ლატვიის პარლამენტმა (სეიმმა) საბოლოო მოსმენით დაამტკიცა „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც დაჩქარებული წესით განიხილებოდა. ახალი საკანონმდებლო აქტი რუსული და ბელარუსული წარმომავლობის პროდუქციის იმპორტზე დაწესებული აკრძალვის გაფართოებას ითვალისწინებს – შეზღუდვა არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასა და ცხოველთა საკვებზე, არამედ სურსათზეც გავრცელდება.
სეიმის 100 დეპუტატიდან აკრძალვის წინააღმდეგ 9 პარლამენტარმა მისცა მისცა, ხოლო ოთხს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
2024 წლის 8 მარტიდან ლატვიაში მოქმედებს ეროვნული (და არა ევროკავშირის მიერ დაწესებული – რედ.) აკრძალვა იმპორტზე, რომელიც რუსეთსა და ბელარუსში წარმოებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასა და ცხოველთა საკვებს ეხება. თუმცა, აქამდე ეს შეზღუდვა არ ვრცელდებოდა სურსათზე, რის გამოც ლატვიური მაღაზიების დახლებზე კვლავ ხვდებოდა აგრესორი ქვეყნების მიერ წარმოებული გარკვეული პროდუქტები, მაგალითად, ორცხობილა და კანფეტები.
იმპორტის აკრძალვა ამიერიდან შეეხება კვების პროდუქტების ფართო ასორტიმენტს, მათ შორის – კარამელს, ზეფირს, ორცხობილას, სოუსებს, მზა სუპებს, შოკოლადსა და შოკოლადის ნაწარმს. აკრძალვა ასევე გავრცელდება სხვადასხვა მცენარის თესლზე, სამკურნალო ბალახებზე, სანელებლებზე, ზეთსა და ფქვილის ნაწარმზე. აიკრძალა რუსეთიდან და ბელარუსიდან შაქრის ჭარხლის მელასის (ბადაგის) და ჭარხლის ჟომის, ისევე როგორც გადამუშავებული ბოსტნეულის პროდუქტების იმპორტიც, როგორებიცაა ბოსტნეულის კონსერვები, ბოსტნეულის სალათები და ვაშლის პიურე.
რუსეთსა და ბელარუსში წარმოებული სურსათის შეტანა აკრძალულია იმ შემთხვევაშიც, თუ ლატვიაში მათ იმპორტირებას სხვა, მესამე ქვეყნების გავლით შეეცდებიან.