ლატვიის ოთხ მოქალაქეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედება ბრალი
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (VDD) ლოგო (საილუსტრაციო ფოტო)
ლატვიის ოთხი მოქალაქე, ორგანიზაცია „ბალტიის ანტიფაშისტების“ (Baltic Antifascists) მეშვეობით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული. ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (VDD) პროკურატურას მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა, რადგან, უწყების ინფორმაციით, ისინი ლატვიაში სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდნენ და მას რუსეთის სპეციალურ სამსახურებს გადასცემდნენ.
აღნიშნული ოთხი პირი VDD-მ, ჯაშუშობის ბრალდებით, მიმდინარე წლის იანვარში დააკავა. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მასალების თანახმად, ისინი სისტემატურად და მიზანმიმართულად აგროვებდნენ სხვადასხვა სახის სადაზვერვო ინფორმაციას და მას პროკრემლისტურ კრიმინალურ ორგანიზაცია „ბალტიის ანტიფაშისტებს“ გადასცემდნენ, რათა შემდგომში ეს ინფორმაცია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) და აგრესორი სახელმწიფოს სხვა სპეციალური უწყებების ხელში მოხვედრილიყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორგანიზაციის წარმომადგენელს მიაწოდა მასალები, რომლებიც, სხვა სახის ინფორმაციებთან ერთად, შეიცავდნენ მონაცემებს რუსეთის საზღვართან ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების განლაგებისა და რაოდენობის, ასევე ლატვიის მიერ უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერის შესახებ.
მეორე ბრალდებული კი აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას ლატვიის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კერძოდ, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ობიექტების შესახებ, მათ შორის, რიგის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ანგარების, მათი გამოყენების, აეროპორტში კონტროლისა და უსაფრთხოების პროცედურების თაობაზე. ასევე აგროვებდა და გადასცემდა მასალებს სახელმწიფო საზღვრისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რუსეთის საზღვრის გასწვრივ თავდაცვისა და სამხედრო მობილობის ღონისძიებებზე, ლატვიაში უცხოელი სამხედროების მომზადებასა და მასში ჩართულ ლატვიის მოქალაქეებზე.
მესამე დაკავებული პირი კონკრეტული ლატვიელი მოქალაქეების შესახებ აგროვებდა ინფორმაციას, მათ შორის – მათი სამუშაო ადგილის, განათლების, ქონებისა და ფინანსური მდგომარეობის თაობაზე.
მეოთხე ბრალდებულმა კი, უსაფრთხოების თანამშრომლის სტატუსით მინიჭებული უფლებამოსილება უკანონოდ გამოიყენა და „ბალტიის ანტიფაშისტების“ წარმომადგენელს გადასცა ინფორმაცია ლატვიის იმ მოქალაქეებზე, ორგანიზაციებსა და კომპანიებზე, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს.
ამჟამად ოთხივე ბრალდებული პატიმრობაში იმყოფება. VDD-მ მიმართა პროკურატურას, მათ წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურისთვის შუამავლის მეშვეობით ინფორმაციის უკანონოდ შეგროვებისა და გადაცემის მუხლებით დაიწყოს. ერთ-ერთ მათგანს დამატებით ბრალი ხულიგნობისა და ყაჩაღობის მუხლებითაც აქვს წარდგენილი.
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, იგი მუდმივად აკვირდება რუსეთში ბაზირებული კრიმინალური ორგანიზაცია „ბალტიის ანტიფაშისტების“ საქმიანობას.
სტატიის და ფოტოს ავტორი: ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 6 ივლისი 2026, 13:17 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)