ლატვიელი მედიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ, ჯანმრთელობის პრობლემების დროს, ხელოვნური ინტელექტის რჩევებს არ დაეყრდნონ

13:23, 11.08.2026

საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

ლატვიის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური (NMPD) მოსახლეობას მოუწოდებს, ჯანმრთელობის პრობლემების დროს, ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციებს არ ენდონ და საკუთარი თავისთვის დიაგნოზის დამოუკიდებლად დასმა მასზე დაყრდნობით არ სცადონ.

NMPD-ის ცნობით, ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც ავადმყოფობის დროს, მოქალაქეები რჩევისთვის თავდაპირველად ხელოვნურ ინტელექტს მიმართავენ. ლატვიის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურში ხაზგასმით აღნიშნავენ: ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია ადამიანის გასინჯვა, ყველა საჭირო კითხვის დასმა და სიტუაციის ისე შეფასება, როგორც ამას მედიკოსები აკეთებენ.

ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებმა, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, სიტუაციის სერიოზულობა გადააფასონ და გადაუდებელი დახმარების ნომერზე (112) დარეკვა მაშინაც კი ურჩიონ ადამიანს, როდესაც მას მხოლოდ გაციების სიმპტომები ან მაღალი ტემპერატურა აქვს და სიცოცხლისთვის საფრთხე არ არსებობს. არსებობს მეორე უკიდურესობაც – ხელოვნურმა ინტელექტმა, შესაძლოა, ობიექტურად ვერ შეაფასოს ყველა სიმპტომი, რის გამოც ადამიანს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეექმნას.

თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსულტაციაა საჭირო, NMPD-ი მოქალაქეებს ოჯახის ექიმისთვის მიმართვას ურჩევს.

თუ სიტუაცია სერიოზული აღმოჩნდება და ადამიანს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება, სატელეფონო კონსულტაციის დროს სპეციალისტები განუმარტავენ, გადაუდებელი დახმარების სამსახურს დაუკავშირდეს თუ საავადმყოფოს მიაკითხოს.

სტატიის ავტორები: ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი და ლატვიის საინფორმაციო სააგენტო LETA

ფოტოს ავტორი: აია კინცე, „ლატვიის ტელევიზია“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 10 აგვისტო, 2026 წელი, 06:37 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი