ლატვიელი ექსპერტი: სურსათზე დღგ-ის შემცირებული განაკვეთი ყოველ ნახევარ წელიწადში არ უნდა იცვლებოდეს

11:40, 05.08.2026
ლატვიელი ექსპერტი, ინგუნა გულბე

ლატვიელი ექსპერტი, ინგუნა გულბე

1 ივლისიდან ლატვიაში პურზე, რძეზე, ფრინველის ხორცსა და კვერცხზე დღგ-ის შემცირებული განაკვეთი – 12% ამოქმედდა. „სურსათის ფასებზე მისი გავლენის შესახებ მსჯელობა მხოლოდ უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ამასთან, დღგ-ის განაკვეთის მუდმივი ცვლილება სწორი მიდგომა არ არის“, – აღნიშნა „ლატვიის რადიოში“ გამოსვლისას, აგრორესურსებისა და ეკონომიკის ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ბაზრის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ინგუნა გულბემ.

 

ლატვიელი ექსპერტი ხაზგასმით ამბობს, რომ დღგ-ის განაკვეთის მუდმივად ცვლა არასწორი ქმედება იქნება: „ასეთი აზრები – ყოველ ნახევარ წელიწადში ან წელიწადში რაიმეს შეცვლა – მიუღებელია თუნდაც იმის გამო, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში კვების პროდუქტებზე დღგ-ის განაკვეთი ასევე შეამცირეს“.

გულბეს თქმით, ლატვიაში შემცირებული დღგ-ის გავლენის შესახებ დასკვნების გამოტანა წლის ბოლოსა და მომავალი წლის დასაწყისში იქნება შესაძლებელი.

„საჭიროა შევხედოთ არა მხოლოდ კონკრეტულად იმ რამდენიმე პროდუქტს, რომლებსაც დღგ-ის შემცირება შეეხო, და იმას, თუ რა ხდება ლატვიაში, არამედ იმისთვის, რომ გავიგოთ, მართლა აისახა თუ არა დღგ-ის შემცირება ფასებზე, უნდა ვნახოთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და შევადაროთ, რა დაემართა ამ პროდუქტების ფასებს, მაგალითად, ლიეტუვასა და ესტონეთში“, – განმარტა გულბემ.

მისი აზრით, არ არსებობს არანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ კვების პროდუქტებზე ფასები საერთოდ შემცირდება: „ეს შეუძლებელია, რადგან მას, ძირითადად, მსოფლიო სასურსათო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები განსაზღვრავს“.

„დღგ-ის განაკვეთის შემცირების მიუხედავად, თუ მსოფლიოში სასურსათო პროდუქტებზე ფასი იზრდება, გაიზარდება ჩვენთანაც. თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენთან ფასების ზრდა ნაკლები იქნება და საბაზისო ფასიც ნაკლები გვექნება, რომელზეც ეს ზრდა მოდის. ამიტომ, არ შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ეს ცუდია, რადგან ფასები მაინც იზრდება“, – განაცხადა გულბემ.

„თუ შევადარებთ, რა ფასები იყო 10 წლის წინ და როგორია ახლა, რა თქმა უნდა, ყველა ვხედავთ, რომ ისინი გაიზარდა“, – აღნიშნა გულბემ და დასძინა: „წელს არჩევნები რომ არ ყოფილიყო, ეჭვგარეშეა, დღგ-ის განაკვეთის შემცირებას ჩვენთან ძნელად თუ დაუჭერდნენ მხარს“.

კონტექსტი:

2026 წლის 1 ივლისიდან ლატვიაში ცალკეულ, ყველაზე მოთხოვნად კვების პროდუქტებზე დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) განაკვეთი 21%-იდან 12%-მდე შემცირდა.

დღგ-ის შემცირებული განაკვეთი ვრცელდება ძირითადი კვების პროდუქტების ოთხ ჯგუფზე: პურზე, რძეზე, ფრინველის ხორცსა და კვერცხზე.

შემცირებული ტარიფი ერთი წლის განმავლობაში, 2027 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

 

სტატიის ავტორი: ლატვიის საზოგადოებრივი მედია-მაუწყებლის რედაქცია (LSM.lv redakcija)

ფოტოს ავტორი: ტომს რუძიტისი, „ლატვიის რადიო“ ( Latvijas Radio)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 4 აგვისტო, 2026 წელი, 08:56 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი