ლატვიაში, სამხედრო პოლიგონზე ოთხი იტალიელი ჯარისკაცი დაშავდა
საილუსტრაციო ფოტო
ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების ცნობით, 26 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, ადაჟის (Ādaži) სამხედრო პოლიგონზე მიმდინარე სწავლების დროს მომხდარი ინციდენტის შედეგად, ბერსალიერების იტალიური კონტინგენტის მე-11 პოლკის ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
ინციდენტის შემდეგ, ოთხივე სამხედრო პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, არცერთი დაშავებული ჯარისკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იტალიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინციდენტი საბრძოლო სროლების მიმდინარეობის დროს მოხდა. იტალიურ სამხედრო ავტომობილზე დამონტაჟებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიები მეორე იტალიურ სამხედრო ავტომობილს მოხვდა, რომელშიც ოთხი ჯარისკაცი იმყოფებოდა.
დაჭრილები რიგის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებენ და გამოკვლევები უტარდებათ. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იტალიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან.
ინციდენტის გარემოებების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.