ლატვიაში რუსული ტელეარხების ტრანსლირება იკრძალება
ლატვიაში რუსული ტელეარხების ტრანსლირება იკრძალება

ლატვიაში რუსული ტელეარხების ტრანსლირება იკრძალება, – ინფორმაციას ამის შესახებ ლატვიური მედია ავრცელებს.

ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს (NEPLP) გადაწყვეტილებით, ლატვიის მთელ ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების ტრანსლირება აიკრძალება, აკრძალვა შეეხება 80 რუსულ არხს.

საბჭოს თავმჯდომარის, ივარ აბოლინიშის განცხადებით, გადაწყვეტილება ახალი კანონმდებლობის საფუძველზე მიიღეს, რომლის თანახმად, ლატვიაში არ შეიძლება გავიდეს ტელეპროგრამები, რომლებიც დარეგისტრირებულია ქვეყანაში, რომელიც მეორე ქვეყნის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება.

ლატვიური მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის 9 ივნისს და იმოქმედებს იქამდე, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს უკრაინაში და არ დააბრუნებს ყირიმს.

ამასთან, აბოლინიშის განცხადებით, ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ რუსულ ტელეკომპანია „დოჟდს“ ლატვიიდან მაუწყებლობის ნებართვა მისცა. რუსეთში აკრძალული კომპანია ლატვიიდან მაუწყებლობას 9 ივნისს დაიწყებს.

ტელეკომპანია „დოჟდმა“ რუსეთში მაუწყებლობა 3 მარტს შეწყვიტა. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ტელეკომპანიას უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში და არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეებისკენ მოქალაქეების წაქეზებაში დაადანაშაულა.