ლატვიაში კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების გეგმა გააპროტესტეს
ლატვიაში კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების გეგმა გააპროტესტეს

სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების გეგმას ლატვიაში პროტესტი მოჰყვა. რიგის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა. „ევრონიუსის“ ცნობით, აქციას 5 000 მოქალაქე შეურთდა. ეს 2009 წლის შემდეგ ლატვიაში გამართული ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია იყო.

ლატვიის მთავრობა უახლოეს დღეებში გეგმავს, მიიღოს კანონი, რომლითაც კონკრეტული პროფესიების მოქალაქეებისთვის აცრა სავალდებულო იქნება. ახალი რეგულაციის მიხედვით, დამსაქმებელს ექნება უფლება, სამსახურიდან დაითხოვოს პირი, ვინც ვაქცინაციაზე უარს იტყვის.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ კანონის წინაღმდეგ მიმართულ აქციაზე შეკრებილების რაოდენობა, კოვიდშეზღუდვებით დაწესებულ ლიმიტს აჭარბებდა. ამასთან, აქტივისტებს არ ეკეთათ პირბადე და არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას.

ლატვიაში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე 140 000 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 2 566 მოქალაქე. ქვეყნის 43 პროცენტს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა აქვს გაკეთებული, ხოლო 38 პროცენტი სრულადაა ვაქცინირებული.