ლატვია საქართველოს 15 ათას დოზა ვაქცინას გადმოსცემს
ლატვია საქართველოს 15 ათას დოზა ვაქცინას გადმოსცემს

ლატვია საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გადმოსცემს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ მივეცით ბიძგი პროცესებს და ლოგისტიკური საკითხის გათვალისწინებით, „კოვიდის“ საწინააღმდეგო 15 ათასი დოზა ვაქცინა გადმოეცემა საქართველოს“, – აღნიშნა მინისტრმა.

რინკევიჩსმა ხაზი გაუსვა პანდემიასთან ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ეარ ბალტიკი“ თბილისი-რიგის მიმართულებით ფრენებს ახორციელებს კვირაში სამჯერ და იმედი გამოთქვა, რომ მიმოსვლა მალე დაუბრუნდება პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის განახლებას.

7-8 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სტუმრობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან.

საქართველოში ყოფნისას, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ამასთან, ედგარს რინკევიჩსი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. იგი ასევე საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.