ლატვია სააქციო საზოგადოებების აქციონერთა ვინაობის შესახებ ინფორმაციაზე წვდომას ზღუდავს

14:36, 23.11.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

რამდენიმე კვირის წინათ, ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააქციო საზოგადოებების აქციონერთა პერსონალურ მონაცემებზე თავისუფალი წვდომა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ზღუდავს. ლატვიის ტელევიზიის გადაცემა „დე ფაქტოს“ ცნობით, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, საწარმოთა რეესტრმა და კერძო სერვისის პროვაიდერებმა აქციონერთა სახელებსა და სხვა მონაცემებზე წვდომა შეზღუდეს.

ლატვიაში სააქციო საზოგადოებების აქციებს 21 ათასზე მეტი ადამიანი ფლობს.

აქამდე ნებისმიერ მსურველს შეეძლო გაეგო, ვინ იყვნენ სააქციო საზოგადოებების მფლობელები, თუმცა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ ინფორმაციაზე წვდომა მნიშვნელოვნად შეიზღუდა. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ის ნორმები, რომლებიც აქციონერთა პერსონალური მონაცემების (სახელი, პირადი ნომერი, მისამართი) მოძიების საშუალებას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იძლეოდა.

„კომერციული რეესტრი შექმნილია იმისთვის, რომ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს. მისი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, კომერციული გარიგებების უსაფრთხოების დაცვაა. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია ამის დაბალანსება მცირე წილის მქონე ინდივიდუალური, ცალკეული აქციონერების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან“, – განმარტავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, იანის ნეიმანისი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

საქმის განხილვა 17 აქციონერის სარჩელის საფუძველზე დაიწყო. მათი ვინაობა არ საჯაროვდება. თუმცა, გადაცემა „დე ფაქტო“ ჯერ კიდევ 2024 წელს იუწყებოდა, რომ სასამართლო დავა კომპანია „Latvijas Finieris“-ის აქციონერებმა წამოიწყეს.

მათ მიაჩნდათ, რომ აქციონერების შესახებ არაპროპორციულად დიდი მოცულობის ინფორმაცია ქვეყნდებოდა, რაც თაღლითობის, შანტაჟისა და გამოძალვის საფრთხეს ქმნიდა.

სეიმი (ლატვიის პარლამენტი) აქციონერთა მონაცემების გასაჯაროებას ემხრობა იმ არგუმენტით, რომ ეს უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, ხელს უწყობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას და სანქციების შესრულების კონტროლს. შესაბამისად, ინფორმაცია ყველასთვის დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

ამის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოზე დაყრდნობითაც, დაასკვნა, რომ მონაცემთა დაცვის რეგულაცია ყველა აქციონერის პერსონალური მონაცემების შეუზღუდავი გასაჯაროების უფლებას არ იძლევა.

„იმისთვის, რომ ტელეფონი ვიყიდო და კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა დავამყარო, არ მჭირდება ვიცოდე, ვინ ფლობს Apple-ის აქციებს. ასევე, როგორც მომხმარებელს, არ მჭირდება ვიცოდე, ვინ არიან „Latvijas Finieris“-ის აქციონერები, რათა ჩემი ტყე ან ავეჯის წარმოებისთვის განკუთვნილი არყის ხეები გავყიდო“, – ამბობს ნეიმანისი.

მოსამართლე განმარტავს, რომ ფულის გათეთრების პრევენციისთვის საჭირო მონაცემები კვლავ ხელმისაწვდომი იქნება, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კერძო პირებისთვის საწარმოთა რეესტრისთვის მიმართვის საფუძველზე.

„პირველი, რაც გვახსენდება, არის, მაგალითად, ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნები, რომლებიც ბანკებმა, ბუღალტრებმა, ადვოკატებმა და სხვა სუბიექტებმა უნდა დაიცვან. მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ დაეყრდნონ ამ რეგულაციებს, მოითხოვონ და კვლავ მიიღონ ინფორმაცია, თუ კლიენტის შემოწმება და, ამ პროცესის ფარგლებში, აქციონერთა იდენტიფიცირება სჭირდებათ. ჟურნალისტებსაც კვლავ ექნებათ ინფორმაციაზე წვდომა, საწარმოთა რეესტრის შესახებ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად“, – აცხადებს საწარმოთა რეესტრის მთავარი სახელმწიფო ნოტარიუსი, ლაიმა ლეტინა.

სტატიის ავტორები: „ლატვიის ტელევიზიის“ გადაცემა „დე ფაქტო“ და ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 23 ნოემბერი, 2026 წელი, 06:56 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი