ლატვია რუსული საკვები პროდუქტების იმპორტის სრული აკრძალვისკენ ისწრაფვის
ლატვიური მაღაზიების დახლებზე დღემდე უხვად არის წარმოდგენილი აგრესორ ქვეყნებში წარმოებული საკვები პროდუქტი
„სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, რომელსაც ლატვიის სეიმმა (პარლამენტმა) 10 სექტემბერს დაუჭირა მხარი, რუსეთსა და ბელარუსში წარმოებული საქონლის იმპორტის აკრძალვა მომავალში არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ცხოველთა საკვებზე, არამედ საკვებ პროდუქტებზეც გავრცელდება. თუმცა, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლისთვის კანონპროექტის კიდევ ერთი, საბოლოო მოსმენით მიღებაა საჭირო.
2024 წლის 8 მარტიდან ლატვიაში იმპორტის ეროვნული (და არა ევროკავშირის – რედ.) აკრძალვა მოქმედებს, რომელიც რუსული და ბელარუსული წარმომავლობის სოფლის მეურნეობის პროდუქციას და ცხოველთა საკვებს ეხება. თუმცა, ეს აკრძალვა არ ვრცელდება საკვებ პროდუქტებზე, რის გამოც ლატვიური მაღაზიების დახლებზე დღემდე უხვად არის წარმოდგენილი აგრესორ ქვეყნებში წარმოებული გარკვეული საკვები სასურსათო საქონელი, მათ შორის ორცხობილა და შოკოლადი.
აქედან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული იმპორტის აკრძალვა შეეხება საკვები პროდუქტების ფართო ასორტიმენტს, მათ შორის – კარამელს, ზეფირს, ორცხობილას, სოუსებს, მზა სუპებს, შოკოლადსა და კანფეტებს. ასევე აიკრძალება სხვადასხვა მცენარის თესლის, სამკურნალო მცენარეების, სანელებლების, ზეთებისა და ფქვილის ნაწარმის იმპორტი რუსეთიდან და ბელარუსიდან. გარდა ამისა, აიკრძალება ამ ქვეყნებიდან შაქრის ჭარხლის რბილობის, ისევე როგორც გადამუშავებული მცენარეული პროდუქტების, (ბოსტნეულის კონსერვები, ბოსტნეულის სალათები და ვაშლის პიურე) შემოტანა.
ცვლილებები ითვალისწინებს რუსული და ბელარუსული წარმომავლობის საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლატვიაში მათ შეტანას მესამე ქვეყნების გავლით შეეცდებიან. ამ ნაბიჯით ლატვიის სანქციების რეჟიმი უფრო შორს მიდის, ვიდრე ევროკავშირის იმ სხვა წევრი ქვეყნების, რომლებიც აგრესორ სახელმწიფოებთან დღემდე ვაჭრობენ საკვები პროდუქტებით და სასმელით. თანაც, ეს იმპორტ-ექსპორტი საკმაოდ დიდი მოცულობისაა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ლატვიისთვის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისა და ბელარუსის მცდელობები, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო საშუალებებით გავლენა მოახდინონ საზოგადოებასა და მის ღირებულებებზე, ასევე შეასუსტონ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და შიდაპოლიტიკური სტაბილურობა. ამდენად, ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციური რისკების თავიდან ასაცილებლად, აგრესორ სახელმწიფოებთან ეკონომიკური კავშირების შემცირებას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება.