ლატვია: რკინიგზის ობიექტებისთვის ცეცხლის წაკიდებაში ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს
სამი ბრალდებული სასამართლო სხდომაში რიგის ცენტრალური ციხიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მონაწილეობდა
11 აგვისტოს „ლატვიის ტელევიზიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოთხიდან სამმა პირმა, რომლებსაც რკინიგზის ობიექტებისთვის ცეცხლის წაკიდებასა და უცხო სახელმწიფოსთვის ლატვიის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში დახმარების გაწევაში ედებათ ბრალი, დანაშაული აღიარა. საქმის განხილვა რიგის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს, 17 აგვისტოს გაგრძელდა.
გასული წლის ოქტომბერსა და მიმდინარე წლის იანვარში, ბრალდებულებმა ლატვიის რკინიგზის ობიექტებზე – ელექტროგამანაწილებელ კარადებსა და რელეებზე – ხანძარი ოთხჯერ გააჩინეს. ამ საქმის ორგანიზატორი იყო ოლეგს სვერდლოვსი (Oļegs Sverdlovs), რომელმაც, პატიმრობაში ყოფნისას, დივერსიული აქტების განხორციელების დავალება მიიღო და მათ შესასრულებლად არნის იანსონს დაუკავშირდა. თავის მხრივ, იანსონმა ხანძრები ზოგჯერ მარტო, ზოგჯერ კი იურის ლუკსის და იურის ლეჩენკოვსის (Jurijs Lečenkovs) დახმარებით მოაწყო.
ცეცხლის წაკიდების ფაქტებს ისინი ვიდეოზე იღებდნენ და დივერსიის დამკვეთს „ტელეგრამით“ უგზავნიდნენ. დანაშაულებრივი ქმედების მონაწილეები მიმდინარე წლის დასაწყისში დააკავეს. სასამართლო სხდომას უშუალოდ მხოლოდ ერთი ბრალდებული, იურის ლეჩენკოვსი ესწრებოდა, რომელსაც, აღკვეთის ღონისძიების სახით, არასაპატიმრო სასჯელი ჰქონდა შეფარდებული. დანარჩენი სამი პირი პატიმრობაში იმყოფება და სასამართლო სხდომაში რიგის ცენტრალური ციხიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მონაწილეობს.
ბრალდებულების მოთხოვნის გამო, სასამართლო პროცესის ვიდეოგადაღება არ მიმდინარეობდა. თუმცა, სხდომის დროს პატიმრობაში მყოფმა სამმა ბრალდებულმა – ოლეგს სვერდლოვსმა, არნის იანსონსმა და იურის ლუკსმა – წარდგენილი ბრალი სრულად აღიარა და პროკურორთან საპროცესო შეთანხმების მიღწევის მზადყოფნა გამოთქვა. მეოთხე ბრალდებული, იურის ლეჩენკოვსი კი მხოლოდ ცეცხლის წაკიდებას აღიარებს და უცხოური დაზვერვის სამსახურებთან თანამშრომლობას უარყოფს. მას ამფეტამინის შენახვაშიც ედება ბრალი. ლეჩენკოვსმა სასამართლოს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა სთხოვა იმ საბაბით, რომ საკუთარ ქმედებებს ვერ აცნობიერებდა. თუმცა, სხდომის შემდეგ პრესასთან საუბრისას, თავისი ქმედებების განმარტება ვერ შეძლო.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს თითოეული ხანძრის გაჩენისთვის 250-დან 450-მდე აშშ დოლარს ჰპირდებოდნენ, თუმცა ამ თანხას ყოველთვის არ უხდიდნენ. განსაკუთრებით მძიმეა მათთვის წაყენებული ბრალდება უცხო სახელმწიფოსთვის ლატვიის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში დახმარების გაწევის შესახებ – ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებმა პროკურორთან საპროცესო შეთანხმების მიღწევაც რომ მოახერხონ, სავარაუდოდ, მათ მაინც მრავალწლიანი პატიმრობა ელით.