ლატვია: ფერმერებმა რიგის საკრებულოსთან რამდენიმე ტონა ბოსტნეული დაყარეს

12:53, 13.11.2026
ფერმერებმა, პროტესტის ნიშნად, რიგის საკრებულოსთან რამდენიმე ტონა ბოსტნეული დაყარეს

ფერმერებმა, პროტესტის ნიშნად, რიგის საკრებულოსთან რამდენიმე ტონა ბოსტნეული დაყარეს

12 ნოემბერს, გამთენიისას, ფერმერებმა, რიგის საკრებულოს შენობის წინ, ლატვიაში მოყვანილი რამდენიმე ტონა ბოსტნეული დაყარეს, რითაც მათ „სკოლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დადგენილი სურსათის შესყიდვების პროცედურების აბსურდულობა“ გააპროტესტეს.

აქციაზე პასუხისმგებლობა ასოციაცია „ფერმერთა სეიმმა“ (Zemnieku saeima) აიღო.

„თუ რიგის საკრებულოს წევრები ამ საჩუქრის მიღებას არ ისურვებენ, ასოციაცია რიგის მცხოვრებლებს სთავაზობს, ეს ბოსტნეული უფასოდ წაიღონ და საკუთარი საჭიროებისთვის გამოიყენონ“, – აცხადებს „ფერმერთა სეიმის“ გამგეობის წევრი, მარტინშ ტრონსი.

მისი თქმით, ნოემბერი ლატვიისთვის განსაკუთრებული – პატრიოტიზმის, ერთიანობისა და მადლიერების თვეა. სწორედ ამიტომ, ამ აქციის საშუალებით, ფერმერებს სურთ, რიგის საკრებულოს წევრებს შეახსენონ, რომ „ნამდვილი პატრიოტიზმი საქმით უნდა გამოიხატებოდეს და არა მხოლოდ სადღესასწაულო ღონისძიებებზე გადაღებული და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ლამაზი ფოტოებით“.

კამპანიის ორგანიზატორები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ შესყიდვების ხელშეკრულების პირობების გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მალე, შესაძლოა, მეზობელ და მესამე ქვეყნებში მოყვანილი საკვები პროდუქტები შეიტანონ.

„წელს რიგის საკრებულომ, კვების მომსახურების შესყიდვის მიზნით, 27 საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულება 26,8 მილიონ ევროს შეადგენს. სატენდერო პირობების თანახმად, ზოგიერთი პროდუქტის მიწოდების ადგილის დაშორება ქალაქ რიგის საზღვრიდან, შესაძლოა, 300 კილომეტრსაც აღწევდეს. ეს რადიუსი მეზობელი ქვეყნების ვრცელ ტერიტორიებსაც მოიცავს, სადაც ლატვიის მაკონტროლებელ ორგანოებს შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ, პროდუქციის რეალური წარმომავლობა, ხარისხი და დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა გადაამოწმონ. რიგის საკრებულომ პასუხი არ გასცა ასოციაციის მრავალგზის მიმართვას, შეეჩერებინა შესყიდვის პროცესი. ამიტომ ასოციაციამ გადაწყვიტა, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე საზოგადოების ყურადღება ამ გზით გაემახვილებინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტენდერს მოჰყვება კიდევ ერთი ტენდერი, რომელიც კვების პროდუქტების შესყიდვას 101 საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ითვალისწინებს“, – აცხადებენ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები.

მათი განმარტებით, მიმოფანტული მოსავალი სიმბოლურად განასახიერებს ადგილობრივ პროდუქციას, რომელიც ბავშვების თეფშებზე ვერ ხვდება.

სტატიის და ფოტოს ავტორი: ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 12 ნოემბერი, 2026 წელი, 07:57 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი