ლატვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტინგენტს გაზრდის
ლატვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტინგენტს გაზრდის

​ლატვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტინგენტს გაზრდის. საქართველოს პრეზიდეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს ლატვიის პრეზიდენტმა, რაიმონდს ვეიონისმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზუარბიშვილს შეხვედრისას მიაწოდა, რომელიც რიგაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და საჭიროა, რომ ევროკავშირის მონიტორებს საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზეც ჰქონდეთ მონიტორინგის შესაძლებლობა.

ლატვია დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შვიდი დამკვირვებლითაა წარმოდგენილი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ლატვიას საქართველოს სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის. აღინიშნა, რომ ოკუპაცია დაუშვებელია და უნდა გაგრძელდეს მუშაობა საქართველოს დეოკუპაციისთვის.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველო პარტნიორ ქვეყნებს რუსეთთან საუბრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით საკითხის დაყენებას სთხოვს.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის უფრო მაღალ, პოლიტიკურ დონეზე აყვანის საკითხს. საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით ხაზი გაესვა ლატვიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით კი, მისი დახმარების საჭიროებას.

„სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ლატვიაში ქართველი საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამის, როგორც ლატვიის მხრიდან ქმედითი დახმარების მნიშვნელობა, რადგან ლატვიამაც სწორედ ის გზა გაიარა, რასაც საქართველო ახლა გადის“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე საუბრისას აღინიშნა, რომ სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის თვალსაზრისით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი- ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით.

დატოვე კომენტარი