ლატვია: ბავშვთა ჯანდაცვა მხოლოდ ქაღალდზეა პრიორიტეტული
საილუსტრაციო ფოტო
ლატვიის კანონმდებლობა ბავშვთა ჯანდაცვას პრიორიტეტულ სამედიცინო მიმართულებად აცხადებს, თუმცა პრაქტიკულად არ არის შექმნილა მექანიზმი, რომელიც ამ პრიორიტეტის დაცვას უზრუნველყოფს – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეს დასკვნა 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ უწყების ანგარიშშიც არის ასახული.
2024 წელს ლატვიამ ბავშვთა ამბულატორიულ ჯანდაცვაზე 93 მილიონი ევრო დახარჯა. ამავდროულად, ოჯახებმა ბავშვების ფასიან სამედიცინო მომსახურებაზე დამატებით, სულ მცირე, 14.5 მილიონი ევრო გადაიხადეს. თუმცა, ბავშვებს, მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან შედარებით, სერვისებზე უფრო სწრაფი წვდომა მაინც არ გააჩნიათ, მათთვის არც თანაბარ პირობებში მომსახურებაა უზრუნველყოფილი და ეს მომსახურება საკმარისი მოცულობითაც არ არის ხელმისაწვდომი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საბჭოს წევრი, მაია აბოლინა ხაზგასმით ამბობს: „ლატვიაში ბავშვები პრიორიტეტულ პაციენტებად მიიჩნევიან, თუმცა აუდიტმა აჩვენა, რომ ეს პრიორიტეტულობა, დიდწილად, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. არათუ პრიორიტეტულობაზე, არამედ თანასწორობაზეც კი შეუძლებელია ლაპარაკი, როდესაც არ არის მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად რა სერვისები უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ვინ უნდა უზრუნველყოს მათი მიწოდება. ამჟამად ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ბავშვის საცხოვრებელ ადგილსა და ოჯახის უნარზე, თავად იპოვოს გამოსავალი“.
2026 წელს, ბავშვებისთვის მეორადი ამბულატორიული ჯანდაცვის 14 ცალკეული პროგრამა შეიქმნა. თუმცა, აუდიტის დასკვნით, დაფინანსების გამოყოფა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ სერვისი ხელმისაწვდომი იქნება. რეგიონებში აუდიტის ფარგლებში შესწავლილი ხუთი პროგრამის მიხედვით, შემთხვევების 71%-ში სამედიცინო დაწესებულებები ბავშვებს შესაბამის მომსახურებას რეალურად ვერ აწვდიდნენ.
ამას ძალიან მწვავედ გრძნობენ ექიმის ძიებაში მყოფი მშობლები. მაგალითად, ბავშვისთვის კარდიოლოგის ძიებისას, ვებგვერდ rindapiearsta.lv-ზე 12 სამედიცინო დაწესებულება იყო მითითებული, თუმცა ბავშვებს, რეალურად, მხოლოდ ერთი ემსახურებოდა. ზოგიერთი ექიმი ბავშვებს საერთოდ არ იღებდა, ზოგს კი ასაკობრივი შეზღუდვები ჰქონდა დაწესებული. გარდა ამისა, ვებგვერდზე ინფორმაცია თვეში ერთხელ, დაგვიანებით ახლდება, რის გამოც იქ მითითებული პაციენტის ლოდინის დრო ყოველთვის არ შეესაბამება რეალურს.
პედიატრები რიგაში არიან კონცენტრირებულნი
პედიატრების 69 პროცენტი რიგაში მუშაობს, სადაც ისინი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ბავშვთა მეორადი ამბულატორიული ჯანდაცვის მომსახურების 79 პროცენტის მიწოდებას უზრუნველყოფენ. ზოგიერთ რეგიონში კი პედიატრები საერთოდ არ არიან. ამის გამო, ბავშვებს მომსახურებას ხშირად ზოგადი სპეციალობის ექიმები უწევენ – მაგალითად, პედიატრიული კარდიოლოგის ნაცვლად, – კარდიოლოგი.
ამ პრობლემის მთელი სიმძიმე, ძირითადად, ოჯახებს აწვებათ – ლატვიის რეგიონებიდან რიგაში, ყოველ სამუშაო დღეს, საშუალოდ, 350-მდე ბავშვი ჩადის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მეორადი ამბულატორიული ჯანდაცვის მომსახურების მისაღებად.
ექიმთან ვიზიტი მხოლოდ მგზავრობას არ გულისხმობს. ის ასევე დაკავშირებულია ტრანსპორტირებისა და კვების, ზოგჯერ კი განთავსების ხარჯებთან, ისევე როგორც მშობლების მიერ სამუშაოს, ბავშვების მიერ კი – სკოლის გაცდენასთან.
ბავშვების მკურნალობის კვალიფიკაციის საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს
რეგიონებში პედიატრების დეფიციტი კიდევ ერთ სისტემურ პრობლემას ააშკარავებს. ლატვიაში, 10-ზე მეტ სამედიცინო სფეროში, ბავშვთა მკურნალობა ცალკე სპეციალობად არის განსაზღვრული – მაგალითად, არსებობს კარდიოლოგი და პედიატრიული კარდიოლოგი, ან ქირურგი და პედიატრიული ქირურგი. სხვა სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, ოფთალმოლოგია, ასეთი გამიჯვნა არ არსებობს.
აუდიტმა გამოავლინა, რომ არ არსებობს ერთიანი გაგება იმის შესახებ, თუ რა ფარგლებში შეუძლიათ ექიმებს ბავშვების მკურნალობა.
ლატვიის ჯანდაცვის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ბავშვების მკურნალობა ზოგადი სპეციალობის ექიმებსაც შეუძლიათ, მაშინ როდესაც უნივერსიტეტებისა და პროფესიული ორგანიზაციების პოზიცია განსხვავებულია. აქ ასევე აღსანიშნავია, რომ ზოგადი პროფილის ექიმები, რეზიდენტურის დროს, ბავშვთა ჯანდაცვის მიმართულებით თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს იძენენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჯანდაცვის სამინისტროს ექვსი რეკომენდაცია მისცა. მათ შორის არის ოჯახის ექიმების პრაქტიკაში ბავშვთა პროფილაქტიკური შემოწმებების გაუმჯობესება და სტომატოლოგიურ მოვლაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ბავშვების საჭიროებებზე დაფუძნებული მეორადი ამბულატორიული ჯანდაცვის სერვისების ქსელის შექმნა, ბავშვების მკურნალობაში ექიმების კომპეტენციის უფრო მკაფიოდ განსაზღვრა, პედიატრების როლის გაზრდა და ბავშვთა მხედველობის შემოწმებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ეს შედეგები 2031 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მიღწეული.