ლატვია: 1 ივლისიდან ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე დღგ-ს განაკვეთი შემცირდა

15:41, 01.07.2026
სუპერმარკეტი „მაქსიმა“

სუპერმარკეტი „მაქსიმა“

2026 წლის 1 ივლისიდან, ლატვიაში, საყოველთაო მოხმარების ზოგიერთ საკვებ პროდუქტზე დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) განაკვეთი 21%-დან 12%-მდე შემცირდა. მომხმარებლისთვის სასიამოვნო ეს სიახლე ძირითადი საკვები პროდუქტების ოთხ ჯგუფს – პური, რძე, ფრინველის ხორცი და კვერცხი – შეეხო. შემცირებული ტარიფი ძალაში ერთი წლის განმავლობაში, 2027 წლის 30 ივნისამდე იქნება.

 

აღსანიშნავია, რომ ლატვიაში 12%-იანი დღგ-ის განაკვეთი უკვე გამოიყენება საკვები პროდუქტის რამდენიმე ჯგუფზე, მათ შორის – ჩვილ ბავშვთა სპეციალურ საკვებზე, ახალ ხილზე, კენკრასა და ბოსტნეულზე.

1 ივლისიდან დღგ-ის განაკვეთის შემცირება შეეხება:

  • ყველა სახის პურს – მათ შორის, პასტერიზებულ ან გაყინულ პურს, ასევე პროდუქტს, რომელიც შეიცავს ნებადართულ დანამატებს (თესლეული, თხილი, მარცვლოვნები და ა.შ.);
  • ძროხის, თხის ან ცხვრის რძეს — მათ შორის ულაქტოზო რძეს, მისი ცხიმიანობის მიუხედავად;
  • ფრინველის ხორცს – ქათმის, ინდაურის, იხვისა და ბატის ხორცს, ასევე ფრინველის სუბპროდუქტებს, მათ შორის დაჭრილ, ძვალგამოცლილ, დანაწევრებულ და ფარშად ქცეულ ხორცს;
  • ფრინველის გადაუმუშავებელ კვერცხს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ცენტრმა (PTAC) ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღგ-ის შემცირებული განაკვეთი არ ვრცელდება შემდეგ პროდუქტებზე:
• გაყინული ხორცი, ძეხვეული და გამომშრალი ხორცი;
• საკონდიტრო ნაწარმი, ტორტები, ნამცხვრები, კრეკერები, ტოსტები და ორცხობილის ნამცეცები (ე. წ „სუხარი“);
• ულტრამაღალ ტემპერატურაზე დამუშავებული (UHT) რძე, შესქელებული რძე და არომატიზებული რძე (მაგ. შოკოლადის ან მარწყვის არომატით);
• მცენარეული ალტერნატივები (შვრიისა და ნუშის სასმელები);
• ფარში, თუ მასში დამატებული მარილის შემცველობა 1%-ს აღემატება.

იმისათვის, რომ მყიდველებმა უკეთ გაიგონ, თუ როგორ აისახება დღგ-ის შემცირება პროდუქტის ღირებულებაზე, PTAC-მა ფასების შედარების კალკულატორი შეიმუშავა. მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს სასურველი პროდუქტი, შეიყვანოს მისი ძველი ფასი (21%-იანი დღგ-ით) და კალკულატორი აჩვენებს, თუ როგორ შეიცვლებოდა ღირებულება 12%-იანი დღგ-ის პირობებში.

რეკომენდაცია მყიდველებს: ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ საფასო იარლიყებსა და ჩეკებს. დარწმუნდით, რომ ჩეკზე მითითებულია შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთი (12% ან დღგ-ის B/C განაკვეთი, მაღაზიის სტატუსიდან გამომდინარე). შემცირებული დღგ ასევე ვრცელდება ფასდაკლებულ (აქციაში მყოფ) საკვებ პროდუქტებზეც, თუ ისინი აღნიშნულ კატეგორიებში შედიან.

მთელი ამ ინფორმაციის ერთ სივრცეში ხელმისაწვდომობისთვის, PTAC-მა თავის ვებგვერდზე შექმნა სპეციალური ფანჯარა: „შემცირებული 12%-იანი დღგ-ის განაკვეთი ძირითად საკვებ პროდუქტებზე“. მასში დეტალურად არის განმარტებული წესები, გამონაკლისები, ფასზე გავლენის მექანიზმები და მითითებულია კოორდინატები, კითხვებისა ან საჩივრების დასაფიქსირებლად.

ლატვიის სურსათის საცალო მოვაჭრეთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, იანის დუბულტსმა ტელეკომპანია „ლატვიის ტელევიზიის“ გადაცემაში „დილის პანორამა“ განაცხადა, რომ საცალო მოვაჭრეები მზად არიან, კეთილსინდისიერად აამოქმედონ შემცირებული საგადასახადო განაკვეთი და სარგებელი სრულად გადასცენ მყიდველებს.

„ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მომწოდებლები და მწარმოებლები პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ პროცესს, რათა ფასების შემცირება მიწოდების მთელ ჯაჭვზე აისახოს და საბოლოოდ, შეღავათიანი ფასით მივიდეს მომხმარებლებამდე, – აღნიშნა დუბულტსმა.

ამასთან, საცალო მოვაჭრეები ითხოვენ, გაფართოვდეს იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელზეც დღგ-ის შეღავათიანი განაკვეთი ვრცელდება.

 

სტატიის და ფოტოს ავტორი: ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)

 თავდაპირველად გამოქვეყნდა: 1 ივლისი 2026, 07:25 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი