ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან კოლუმბია ნატო-ს პირველი პარტნიორი გახდება
ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან კოლუმბია ნატო-ს პირველი პარტნიორი გახდება

კოლუმბია ნატო-ს პირველი პარტნიორი გახდება ლათინურ ამერიკაში. შეთანხმება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და ბოგოტას შორის მომავალ კვირას გაფორმდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა განაცხადა.

გლობალურ პარტნიორობაზე შეთანხმება კოლუმბიურ მხარესთან 2017 წლის მაისში შედგა, მას შემდეგ რაც, ქვეყანამ კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა. სწორედ ამ მიღწევის – ნახევარსაუკუნოვანი სამოქალაქო ომის დასრულებისთვის, პრეზიდენტმა 2016 წელს ნობელის პრემიაც კი მიიღო მშვიდობის დარგში.

ნატო-ს გლობალურ პარტნიორთა შორის არიან ასევე ავღანეთი, ავსტრალია, ერაყი, იაპონია, სამხრეთ კორეა, მონღოლეტი, ახალი ზელანდია და პაკისტანი.

როგორც ნატო-ს ვებგვერდზეა განმარტებული, კოლუმბიასთან პარტნიორობით მხარეები ითანამშრომლებენ გლობალური უსაფრთხოების ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, საზღვაო უსაფრთხოება, ტერორიზმი და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. აღსანიშნავია, რომ კოლუმბია გლობალური პარტნიორობის ფარგლებში სამხედრო მისიებში მონაწილეობას არ მიიღებს.