ლაშა თოთაძე „დინამო თბილისში“ დაბრუნდა და მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს #1TVSPORT
ლაშა თოთაძის „დინამო თბილისში“ დაბრუნების შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა:
„დინამოს“ სამწვრთნელო შტაბში სიახლეა. გუნდში დაბრუნდა ლაშა თოთაძე, რომელიც მთავარი მწვრთნელის ასისტენტად იმუშავებს. „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბი დატოვა გიორგი ჯავახიშვილმა, ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში“.
ლაშა თოთაძემ კარიერა „გაგრაში“ დაიწყო. 2008 წელს კიევის „დინამოში“ გადავიდა, სადაც მეორე გუნდში ითამაშა. 2009 წელს კვლავ „გაგრაში“ დაბრუნდა, ერთი წლის შემდეგ კი უნგრულ „დიორში“ ჩაირიცხა, თუმცა, 2011 წლის ივლისიდან დეკემბრამდე იჯარის წესით „ლომბარდ-პაპაში“ ითამაშა. იჯარის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდი გორის „დილაში“ გაატარა.
2012 წლის აგვისტოში ფეხბურთელმა „დიორი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა. „დინამოდან“ წამოსვლის შემდეგ ცოტა ხანი ბოლნისის „სიონში“ თამაშობდა.
2014 წლის ივნისიდან ფეხბურთელი „დინამო თბილისის“ ღირსებას იცავდა და გუნდის კაპიტანი იყო. 2015 წელს კახა ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახა. იმავე წელს „დინამოდან“ იჯარით „საბურთალოში“ (ახლანდელი „იბერია“) გადავიდა. 2017 წელს კი კვლავ „დინამო თბილისში“ დაბრუნდა.
თოთაძემ აქტიური საფეხბურთო კარიერა 2022 წელს დაასრულა. „დინამო თბილისის“ ფორმით 103 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.