ტაიმაუტი | ლაშა ტალახაძე - ჩემი დიდი პატივისცემა გმირებს, ვისი წყალობითაც თავისუფალ საქართველოში ვცხოვრობთ #1TVSPORT
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო ორი ოლიმპიური ჩემპიონი – გიორგი ასანიძე და ლაშა ტალახაძე.
გიორგიმ ოლიმპიადა 2004 წელს მოიგო, ტალახაძემ – 2016 წელს. ამჟამად ასანიძე ტალახაძის მწვრთნელია და ისინი ტოკიოს ოლიმპიადისთვის ემზადებიან.
„ჩემი დიდი პატივისცემა გმირებს, ვისი წყალობითაც ჩვენს მიწა-წყალზე ვდგავართ, თავისუფლები და დამოუკიდებლები ვართ. დღესაც ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა თავისუფლების შენარჩუნებისთვის“, – ასეთი იყო ლაშა ტალახაძის ემოციური სიტყვა.
მან ოლიმპიურ ჩემპიონობასა და პატრიოტიზმზეც ილაპარაკა:
„როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით გამოდიხარ, ემოცია მოზღვავებულია, თითოეულ სპორტსმენს გაუჭირდება იმის გადმოცემა, რას ვგრძნობთ.
2016 წელს, ჩემპიონობა რომ მოვიპოვე, იმ მომენტში ვერ გავაცნობიერე, რას მივაღწიე. ოლიმპიური ჩემპიონობა ხომ სპორტსმენებისთვის ყველაზე დიდი ტიტულია. მიზნის მიღწევა ჩემი გუნდისა და მწვრთნელის, გიორგი ასანიძის დახმარებით შევძელი.
როდესაც საქმე ეხება საქართველოს დროშას, როდესაც ვიცით, რომ ჩვენს უკან ქართველი ხალხია, სხვა მობილიზებით გავდივართ. ეს გვაძლიერებს, დამატებით ენერგიას გვაძლევს ვარჯიშისთვისაც და შეჯიბრებებისთვისაც.
ახლა ტოკიოს ოლიმპიადისთვის ვემზადებით, გვინდა მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ და საქართველოში გამარჯვებით დავბრუნდეთ“.