ლაშა შინდაგორიძემ ბელარუსის ჩემპიონატში მეორე შეხვედრა ჩაატარა და გოლი ისევ გაიტანა
ლაშა შინდაგორიძემ ბელარუსის ჩემპიონატში მეორე შეხვედრა ჩაატარა და თავი ისევ გამოიჩინა.
სოლიგორსკის „შახტიორში“ ახლახანს გადასულმა ქართველმა თავდამსხმელმა ამჯერად გუნდის ფორმა „სლუცკთან“ გასვლით შეხვედრაში მოირგო. 26 წლის ფეხბურთელი მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა, 70-ე წუთზე საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო 77-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:5 „შახტიორის“ სასარგებლოდ.
„შინდაგორიძის შედეგიანობა გუნდის სელექციონერებისთვის საუკეთესო შეფასებად გამოდგება. ქართველმა თავდამსხმელმა გუნდში ჯერ მხოლოდ ტაიმზე ოდნავ მეტი ითამაშა, მაგრამ ორი გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა”, – წერს გამოცემა „პარტიზან ბელარუსი“.
აღსანიშნავია, რომ შინდაგორიძის ახალი გუნდიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ბელარუსის ნაკრებში ხუთი მოთამაშე გამოიძახეს, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდი 2020 წელს ერთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდება.