ლაშა შავდათუაშვილი - ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ | თბილისის გრანდ სლემი #1TVSPORT
ლაშა შავდათუაშვილი - ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ | თბილისის გრანდ სლემი #1TVSPORT

26-28 მარტს თბილისის ოლიმპიური სასახლე ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს. საქართველოს დედაქალაქში 86 ქვეყნის 539 ძიუდოისტი იასპარეზებს, რომელთა შორის ჩვენი ქვეყანის სახელით 36 სპორტსმენი წარსდგება. შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემი ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად ჩატარდება. ტურნირზე მაყურებლების დასწრება დაშვებულია. ბილეთების გაყიდვა ონლაინ მიმდინარეობს და თითოეულ მსურველს მხოლოდ ორი ბილეთის შეძენის უფლება აქვს. 

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტი“ ჩვენი ნაკრების წევრებს, ლაშა შავდათუაშვილსა და მზია ბებოშვილს, აგრეთვე, საქრთველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი ათაბეგაშვილს ესაუბრა:

ლაშა შავდათუაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი) – „მაქსიმალურად ვცდილობთ ფორმაში შესვლას. წელს გვაქვს სხვა შეჯიბრებებიც – ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები. ეს შეჯიბრი სალიცენზიოა, რომელიც  ოლიმპიურ ქულებს იძლევა. ჩვენ ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ. ძალიან კარგია, რომ მაყურებელი დაესწრება. ჭიდაობის დროს არის მომენტები, როცა დაღლილი ხარ, მაგრამ გულშემატკივრის გამო ყველაფერს აკეთებ, მაქსიმუმს ინდომებ, რომ შედეგი აჩვენო“.

მზია ბებოშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი) – „მუხლის ოპერაცია გავიკეთე. ამივარდა წონა, იყო სხვა პრობლემებიც. ამ ყველაფერმა იმოქმედა, დავნებდი და ჩამოვშორდი სპორტს. მენატრებოდა ტატამზე შესვლა. ახლა ყველანაირად ვცდილობ, მობილიზებული ვიყო, ფორმაში შევიდე და ისევ ისეთი შედეგები მოვუტანო ჩემს ქვეყანას, როგორიც პატარებსა და ჩემს ასაკში მოვუტანე“.

გიორგი ათაბეგაშვილი (საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი) – „მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშებია. ამ ტურნირს სამწვრთნელო შტაბი იყენებს მზადების ეტაპად. თუმცა, თითოეული, რომელიც საქართველოს სახელით იასპარეზებს, გამარჯვებისთვის იბრძოლებს და რასაკვირველია, მიზანი ქართველი გულშემატკივრის გახარება იქნება“.