ლაშა პარუნაშვილი - გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია, რადგან „საბურთალოში“ გავიზარდე და ეს კლუბი მიყვარს #1TVSPORT
ლაშა პარუნაშვილი - გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია, რადგან „საბურთალოში“ გავიზარდე და ეს კლუბი მიყვარს #1TVSPORT

ლაშა პარუნაშვილმა მშობლიურ კლუბში მისვლაზე ისაუბრა – 28 წლის ნახევარმცველი საქართველოს ჩემპიონატში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

„თავს კარგად ვგრძნობ, არაფერი არ მაწუხებს. გავიარე სამედიცინო შემოწმება და ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, გუნდთან ერთად ივნისის შემდეგ არ მივარჯიშია, მაგრამ ახლა საქართველოს პირველობაზე გამოცხადებული სანაკრებო პაუზა ფორმის აღდგენაში დამეხმარება. „საბურთალოში“ პირველი ვარჯიში ჩავატარე. ფეხბურთელების დიდ ნაწილს ვიცნობ, ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს. მეგობრული გუნდია, შთაბეჭდილებები დადებითი და სასიამოვნოა.

როგორ დამიკავშირდა „საბურთალო“? დანიიდან წამოსვლის შემდეგ, მოლოდინში ვიყავი. წინადადებით ბავშვობის გუნდელი დამიკავშირდა, რომელთან ერთადაც „საბურთალოს“ აკადემიაში ვთამაშობდი. კლუბის ხელმძღვანელებს შევხვდი და გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია, რადგან აქ მომუშავე ადამიანებსა და კლუბის ხელმძღვანელებს კარგად ვიცნობ. მიყვარს აქაურობა და ამან ჩემს არჩევანზე დიდი როლი ითამაშა.

„საბურთალო“ ახალგაზრდული გუნდია, სადაც ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ. ამ გუნდს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, ანგარიშგასაწევი კლუბია. ეს ყველაფერი ევროტურნირებზეც გამოჩნდა, სადაც გუნდმა გააზრებული, შემტევი და საინტერესო ფეხბურთი ითამაშა.

„საბურთალოს“ აკადემიაში ძალიან კარგი და წარმატებული წელი გავატარე. ბავშვობაში გატარებული დრო სხვანაირად გახსენდება. აქ ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად და ბევრი რამ ვისწავლე. „საბურთალოს“ მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. რაც შეეხება ჩვენს თაობას – „საბურთალოში“ კარგი კონტიგენტი ვიყავით თავმოყრილი – ვაკო ყაზაიშვილი, დათი ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი, გიორგი ჭანტურია…

დანიაც კარგად გასახსენებელია. სკანდინავიაში ყველაზე კარგი სეზონი მქონდა მაშინ, როდესაც „ესბიერგი“ მესამე ადგილზე გავიდა. ასეთი პატარა გუნდისთვის, ეს დიდი მიღწევა იყო. იმ სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადმომცეს და როგორც ლეგიონერს, კლუბში ყველაზე მეტი თამაში დამიგროვდა – 153 მატჩი. დანიაში არა აქვს მნიშვნელობა, როგორი სტილის გუნდები თამაშობენ, ყოველთვის მაღალი ტემპია. უყვართ სწრაფი ფეხბურთის თამაში და ბევრი კლუბი კონტრშეტევაზე აგებს თამაშს.

საქართველოს ნაკრებში ძალიან კარგი თაობა მოდის, ეს ბოლო მატჩებმაც გვაჩვენა. ლამაზ სანახაობასთან ერთად, შედეგიც არის, რაც ორმაგად სასიამოვნოა. ნაკრები კარგ ფორმაშია, თამაშიდან თამაშამდე უმატებს, პროგრესი აშკარად შეიმჩნევა. მჯერა, რომ ერთა ლიგიდან გავალთ და მოვხვდებით ჯგუფში“, – ამბობს ლაშა პარუნაშვილი.