ლაშა ხუციშვილი - მოვისმინე, თითქოს ისტორიულად მაღალი ინფლაცია გვაქვს, რაც ტყუილია, 2006-2010 წლებშიც ინფლაცია იყო იმაზე მაღალი, ვიდრე დღეს
ლაშა ხუციშვილი - მოვისმინე, თითქოს ისტორიულად მაღალი ინფლაცია გვაქვს, რაც ტყუილია, 2006-2010 წლებშიც ინფლაცია იყო იმაზე მაღალი, ვიდრე დღეს

მოვისმინე, თითქოს ისტორიულად მაღალი ინფლაცია გვაქვს, რაც ტყუილია, 2006-2010 წლებშიც ინფლაცია იყო იმაზე მაღალი, ვიდრე დღეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ინფლაციასთან დაკავშირებით არსებობს გამოწვევები, თუმცა ინფლაცია პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია.

„ეს არ ნიშნავს იმას, დღევანდელი ინფლაციის დონე პრობლემა არაა. პრობლემაა და სწორედ ამიტომ, მთავრობამ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყო საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება. გამოითქვა მოსაზრება, თითქოს ჩემს მოხსენებაში არ იყო ნახსენები ინფლაცია და ფასების ზრდა. დიდი ალბათობით, არ მოგეცათ შესაძლებლობა, მოგესმინათ მოხსენებისთვის ან პრეზენტაცია გენახათ. დასახელებული მქონდა კონკრეტული სექტორები, რა მიმართულებითაც საერთაშორისო ბაზრებზე მოხდა ფასების ზრდა და შესაბამისად, ბენებრივია, შეუძლებელია, რომ ეს არ ასახულიყო საქართველოს ეკონომიკაზე.

მთელ მსოფლიოში მიჩნეულია, რომ ინფლაცია არის პანდემიის ერთ-ერთი თანმდევი ეფექტი ეკონომიკაში. რას აკეთებს ეროვნული ბანკი და მთავრობა ამ მიმართულებით? ეროვნული ბანკის ფუნქციაა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება და ამ კუთხით, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. გარდა ამისა, გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, რათა ინფლაციის მაჩვენებელი დასტაბილურდეს.

რაც შეეხება მთავრობას, ჩვენ 9,3%-იანი დეფიციტი, რომელიც გვქონდა პანდემიიდან გამომდინარე, ძალიან სწრაფად შევამცირეთ. გასულ წელს მიუხედავად იმისა, რომ 7,6% იყო დადგენილი საბიუჯეტო დეფიციტი, შევძელით და ფაქტობრივი მაჩვენებელი შევამცირეთ 6,1%-მდე, დამტკიცებული პარამეტრით ჩამოსული ვართ 4,4%-მდე, თუმცა მოსალოდნელია, რომ უფრო დაბალი იყოს და შემცირდეს 4,1%-მდე იმ პირობებში, როდესაც სულ მცირე ერთი პროცენტი ბიუჯეტისა მიმდინარე წელსაც უშუალოდ ჯანდაცვისა და პანდემიის მიმართულებით იხარჯება. უკვე 2023 წლისთვის, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა გვავალდებულებს, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ჩამოცდება 3%-ს. ორ წელიწადში საბიუჯეტო დეფიციტის 6%-ზე მეტით შემცირება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ვფიქრობ,ნამდვილად არ არის ურიგო შედეგი, რაც ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით გვაქვს გადადგმული და ბუნებრივია, ეს ყველაფერი მოიტანა იმ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც გვქონდა გასულ წელს – 10,6%. შესაბამისად, ამან საშუალება მოგვცა, შეგვემცირებინა ბიუჯეტის დეფიციტი და დამატებითი ერთი მილიარდი ლარის რესურსი გამოგვეყო ჯანდაცვის სექტორისთვის უშუალოდ კოვიდთან მიმართებით. მომხდარიყო იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარება, რომელიც თავის მხრივ, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.