ლაშა ხუციშვილი - გამჭვირვალობასთან დაკავშირებით წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებას, შესაბამისად, ეს ვერ იქნება ამა თუ იმ საქმიანობის შემზღუდველი 
ლაშა ხუციშვილი - გამჭვირვალობასთან დაკავშირებით წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებას, შესაბამისად, ეს ვერ იქნება ამა თუ იმ საქმიანობის შემზღუდველი 

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში საუბარი არ არის აგენტის იარლიყის მიკვრაზე, გავცდეთ სათაურს და დავიწყოთ საუბარი შინაარსზე, ვნახოთ კანონპროექტის შინაარსი და თუ რაიმე ისეთი მუხლია, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს არასამთავრობო სექტორს ან მედიას, ბუნებრივია, დისკუსია უნდა გაიმართოს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უშუალოდ კონკრეტულ მუხლთან მიმართებით იყოს დისკუსია წარმართული.

„ამ დისკუსიისთვის არის პარლამენტი, სადაც მოხდა აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება და სადაც იქნება ძალიან დეტალური განხილვა. მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი იყოს არგუმენტები. ჩვენი პარტნიორები თუ ხედავენ რომელიმე პუნქტს, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას რომელიმე დაფინანსებას, მნიშვნელოვანია, ამაზე ვიმსჯელოთ. თვითონ კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებას და, შესაბამისად, ზოგადად ანგარიშგების გამოქვეყნება ვერ იქნება შემზღუდველი ამა თუ იმ საქმიანობის. ანგარიშგებას აქვეყნებენ კომერციული ორგანიზაციებიც და, შესაბამისად, მათ არანაირი შეზღუდვა და არანაირი დისკომფორტი ამ ნაწილში ნამდვილად არ აქვთ“, – განაცხადა ხუციშვილმა.