ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკ​ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
ლაშა ხუციშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკ​ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის თანამშრომლების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და სამხრეთ კავკასიაში​ EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაჩიე ჩურამ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პოზიტიურად შეფასდა ბანკის მიერ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები.

მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი EIB-ის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის მიმართულებით.

გარდა ამისა, აღსანიშნავია EIB-ის მონაწილეობა ენერგეტიკული უსაფრთხოების, მუნიციპალური, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის, კერძო სექტორთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსებაში.

ფინანსთა მინისტრმა ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა „კოვიდ-19“ პანდემიის წინააღმდეგ EIB-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, რითიც შესაძლებელი გახდა ძირითადი სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა.

როგორც EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, როგორც დაფინანსების, ისე ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორში დაფინანსებული აქვს, დაახლოებით, ორი მილიარდი ევროს მოცულობის პროექტები.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.