ლაშა ხუციშვილი - ბიუჯეტის დეფიციტში დიდი ნაწილი არის ე.წ. კოვიდის დეფიციტი, რომელიც ბუნებრივია, პანდემიასთან ერთად დასრულდება
ლაშა ხუციშვილი - ბიუჯეტის დეფიციტში დიდი ნაწილი არის ე.წ. კოვიდის დეფიციტი, რომელიც ბუნებრივია, პანდემიასთან ერთად დასრულდება

ბიუჯეტის დეფიციტი უნდა შემცირდეს, ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. ასევე, საგარეო ვალს უნდა ჰქონდეს შემცირების მიმართულება, თუმცა ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელსაც შეხება ჰქონდა „კოვიდთან“ და სადაც სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ღონისძიებები იყო გატარებული და ეს ორი პარამეტრი დარღვეული არ ჰქონდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა.

მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ვალი და ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა, ადასტურებს, რომ სახელმწიფომ სტიმული გააკეთა ეკონომიკაში და სუბსიდირება გაუკეთა ძალიან ბევრ მიმართულებას.

„ამ დეფიციტში საკმაოდ დიდი ნაწილი, თითქმის ნახევარი არის ე.წ. კოვიდის დეფიციტი, რომელიც „კოვიდის“ დასრულებასთან ერთად ბუნებრივია, დასრულდება. რაც შეეხება სახელმწიფო ვალს, ამ მიმართულებითაც თუ გადახედავთ სხვა ქვეყნებს, სახელმწიფო ვალის ზრდა დაახლოებით ამ მასშტაბით მოხდა პრაქტიკულად ყველგან, გამომდინარე იქედან, რომ ყველა ქვეყანამ შესაბამისი ღონისძიებები განახორციელა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი სცენარები, უკვე წელს საბაზისო სცენარში ჩამოსცდება 60-პროცენტიან ნიშნულს და იქნება 57 პროცენტი, თუმცა ჩვენ უფრო ოპტიმისტური სცენარის მოლოდინი გვაქვს და ასეთ სცენარში წელსვე საგარეო ვალი იქნება მშპ-ს 55 პროცენტის ფარგლებში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.