ლაშა ხუციშვილი - 2026 წლამდე გაგრძელდება ცალკეული შეღავათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას
ლაშა ხუციშვილი - 2026 წლამდე გაგრძელდება ცალკეული შეღავათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას

2026 წლამდე გაგრძელდება ცალკეული შეღავათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი უკვე მომზადებულია.

„სამი წლის ვადით, 2026 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისთვის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. 2026 წლამდე გაგრძელდება ცალკეული შეღავათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, მათ შორის, გადავადდება ბაზრობაზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ცვლილებები მომზადდა, ასევე, ფისკალურ ნაწილში და საგადასახადო პოლიტიკის ნაწილში, რომელიც საფინანსო სექტორს ეხება.

„პირველ რიგში, ვისაუბრებ სადაზღვევო სექტორთან მიმართებით – სადაზღვევო სექტორი გამოიყოფა საფინანსო სექტორისგან და მისთვის ერთი წლით გადავადდება მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა. რაც შეეხება საფინანსო სექტორის დანარჩენ ნაწილს (საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი) მათთვის შენარჩუნდება მოგების გადასახადით დაბეგვრის ე.წ. კლასიკური მოდელი. ამასთანავე, გაუქმდება 5%-იანი გადასახადი მათ მიერ გაცემულ დივიდენდზე, ხოლო მათი დასაბეგრი მოგება დაიბეგრება 20 პროცენტით, ნაცვლად 15 პროცენტისა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ასევე, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ იცვლება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი შემოსავლიდან ცალკეული ხარჯის გამოქვითვის პრინციპი. კერძოდ, საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას განახორციელებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.