ლაშა იორდანიშვილი - ჰიდრორესურსების ათვისებას საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია
ლაშა იორდანიშვილი - ჰიდრორესურსების ათვისებას საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია

ჰიდრორესურსების ათვისებას საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ დირექტორმა ლაშა იორდანიშვლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მზე და ქარი არ არის ჰიდროენერგეტიკის ალტერნატივა, რადგან ძალიან მაღალია მათი ტარიფები, ასევე ადგილი აქვს ტექნიკურ პრობლემებს.

„მაგალითად, ერთი მეგავატი მზის ენერგიის მისაღებად, საჭიროა ორი ჰექტარი მიწის დაკავება. ის ძალიან ძვირია, რაც მოსახლეობის ტარიფზე აისახება. ქარს სისტემასთან სინქრონიზაციაში მუშაობის პრობლემა აქვს. მზისა და ქარის ენერგიის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჰესების ალტერნატივა საქართველოში არ არსებობს“, – განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

„ფერის“ ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანიის მთავარი ამოცანა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში წვლილის შეტანაა.

„ჩვენ ვიცით მხოლოდ ეს საქმე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი წვლილი შეგვაქვს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის საქმეში. დღემდე ვართ ყველაზე დიდი ქართული კომპანია, რომელმაც განახორციელა საამაყო პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით. დავიხარჯებით ბოლომდე, რომ კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს მოსახლეობამ და წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში“, – აღნიშნა ლაშა იორდანიშვილმა.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე უნდა აშენდეს.